საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. თავად საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ნეტგაზეთს არ პასუხობენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლეონიძის ქუჩაზე, სადაც ბოლოს იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამჟამად საკონსულო დეპარტამენტია დარჩენილი.

ავლაბრის რეზიდენცია თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენდა და 2018 წლამდე აქ პრეზიდენტის სასახლე იყო. აქ იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არჩეული საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაც. სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა იყო ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილს დაუპირისპირდა.

თუმცა 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე და მას შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენცია თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში გადავიდა.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე კი 2019 წლიდან სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ იყო გადაკეთებული.