ახალი ამბები

ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ომი მშვიდობის შენარჩუნებისთვის — კობახიძე

26 თებერვალი, 2024 • 670
ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ომი მშვიდობის შენარჩუნებისთვის — კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ორ წლისთავს.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა“, — განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა ჩამოთვალა, რომ დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი; დევნილად და ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან; განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული.

ეს ყველაფერი, კობახიძის თქმით, შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი.

„ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდა ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ კი ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირა.


“ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

ამ სტატიაში ვაანალიზებთ, ნამდვილად შედის თუ არა საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა იმ დასავლეთის ინტერესებში, რომელსაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავი ფინანსური, ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური დახმარება გაუწევია თბილისისთვის, თუ საქმე გვაქვს “ოცნების” მხრიდან კრიტიკოსების დისკრედიტაციის მცდელობასთან, კონსპირაციის თეორიის მოშველიებით.

3 არგუმენტი, რატომ არ სჭირდება დასავლეთს II ფრონტი საქართველოში | მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი