ახალი ამბებიხელოვნება

24 თებერვალი – 3 მარტი: სპექტაკლები, რომელთა ნახვასაც გირჩევთ

23 თებერვალი, 2024 • 2502
24 თებერვალი – 3 მარტი: სპექტაკლები, რომელთა ნახვასაც გირჩევთ

„ნეტგაზეთი“ გირჩევთ სპექტაკლებს და მუსიკალურ საღამოს, რომელზე წასვლასაც 24 თებერვლიდან – 3 მარტის ჩათვლით თბილისის თეატრებში შეძლებთ:

  • 24 თებერვალი – „გრონჰოლმის მეთოდი“. „მარჯანიშვილის თეატრი“ – დასაწყისი – 20:00

პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველაზე თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ.

მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა  გეოგრაფიული მდებარეობა და დრო მალევე გახდება უმნიშვნელო. აქ და ახლა, მიადევნებთ თვალს 4 კანდიდატის ბრძოლას კორპორაციაში სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად. კანდიდატებს სამუშაო ადგილის მისაღებად უწევთ დავალებების შესრულება.  რა გზებს მიმართავენ ისინი, რამდენად შეძლებენ შეასრულონ დავალებები ისე, რომ არ უღალატონ თავიანთ თავებს და რა არის „გრონჰოლმის მეთოდი” – ამის გაგებას 24 თებერვალს, 20:00 საათზე შეძლებთ მარჯანიშვილის თეატრში.

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.

  • 24, 29 თებერვალი – “UNLOVE”. სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” – დასაწყისი – 20:00

“UNLOVE” დავით ხორბალაძის მულტიმედიური ტრილოგიის მეორე ნაწილია. პირველ ნაწილი (UNMEMORY) იკვლევდა მეხსიერების უწყვეტი განადგურების და დაშლის პროცესს, UNLOVE კი მოგვითხრობს სიყვარულის არსებობისა და არარსებობის უკიდურეს ზღვარზე.

აუდიო-ვიზუალური ხერხები, ხმა, მუსიკა, სცენოგრაფია,  სხეულები,  წყვეტილი და სრული ამბები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება, შლის ზღვარს რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის. მრავალგვარი, კალეიდოსკოპისებური თხრობა  გაქცევთ გამოცდილების ნაწილად, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება თქვენთვის.

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ ⚠️მგრძნობიარე თემები ⚠️ განათება ⚠️ თვითმკვლელობა ⚠️ სიშიშვლე

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.

ბილეთებზე მოქმედებს 50%-იანი სტუდენტური ფასდაკლება, ფასდაკლების მისაღებად უნდა მიწეროთ „ღია სივრცეს”. 

ფოტო: დავით მესხი

  • 24, 25 თებერვალი – „ლინეინის სილამაზის დედოფალი”. „ქალაქის თეატრი” – დასაწყისი – 20:00

24 და 25 თებერვალს დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიაში „ქალაქის თეატრი” გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა – „ლინეინის სიმალაზის დედოფალი”. მარტინ მაკდონას ეს პიესა პირველად იდგმება ქართულ სცენაზე.

პიესა ხანშიშესული დედისა და გაუთხოვარი შვილის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. რამდენად შეძლებს ლინეინის სილამაზის დედოფალი მორინი დედის ძალაუფლებისგან დახსნას, შესაძლებელია თუ არა ამ ორი ადამიანის ერთმანეთისგან განცალკევება, გამოჩნდება თუ არა მის ცხოვრებაში სიყვარული და როგორ დასრულდება მისთვის ახალი ურთიერთობა, ამის გაგებას 24 და 25 თებერვალს „ქალაქის თეატრში” დავით თარბას სპექტაკლიდან შევძლებთ.

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ და  აქ

ადგილზე შეძენის შემთხვევაში, ბილეთებზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება.

ქალაქის თეატრი თამარ მეფის #18-ში მდებარეობს

  • 29 თებერვალი – მუსიკალური საღამოების სერია „OPUS” – ირმა გიგანი. „ჰარაკი” – დასაწყისი – 21:00

„ოპუსი” კლასიკური მუსიკის საღამოების სერიაა, სადაც არაფორმალურ გარემოში შეძლებთ მოისმინოთ და გაიცნოთ გამორჩეული მუსიკოსები. „ოპუსმა” დიდი ხანია, რაც ბინა დაიდო თეატრალურ კომპანიაში „ჰარაკი”.

29 თებერვალს 2024 წლის პირველ „ოპუსში” შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ თავისი თაობის გამორჩეულ პიანისტ ირმა გიგანს, რომელიც შეასრულებს რახმანინოვის, რაველის, შოპენისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს:

I განყოფილება:
– Beethoven – Sonata N.31 op.110 A flat Major
– Ravel – Pavane pour une infante défunte
II განყოფილება:
– Rachmaninoff – Prelude N.1 op.23
– Rachmaninoff – Prelude N.2 op.23
– Chopin – Scherzo N.4 E Major op.54
– Chopin – Scherzo N.2 b flat minor op.31
ბილეთები შეიძინეთ – აქ.
თეატრალური კომპანია „ჰარაკი” მდებარეობს ვასილ პეტრიაშვილის პირველ ნომერში.
  • 2, 3 მარტი – „ტროელი ქალები”. სამეფო უბნის თეატრი – დასაწყისი 20:00

2 და 3 მარტს „სამეფო უბნის თეატრს” უბრუნდება რეპერტუარში არსებული ყველაზე ძველი და მთავარი სპექტაკლი – „ტროელი ქალები”.

დოკუმენტური სპექტაკლი გვიამბობს ომგამოვლილ ქართველ ქალთა ისტორიებს. 1990-იანი წლებიდან დღემდე ქართველ ქალთა ამბები ევრიპიდეს „ტროელ ქალებს” ერწყმის, თანამედროვეობა ანტიკურ ტრაგედიად იქცევა და პირიქით. როგორ ზიარდება ანტიკური ამბავი თანამედროვეობასთან და შესაძლებელია თუ არა გლოვაზე ლაპარაკი? 2 და 3 მარტს სამეფო უბნის თეატრში გამორჩეულ სამსახიობო და სარეჟისორო ნამუშევრის ნახვის შემდეგ შეძლებთ გაიგოთ.

ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი