ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი ისევ გადაიდო

22 თებერვალი, 2024 • 808
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი ისევ გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც ორშაბათს, 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე იუწყება.

მისივე ცნობით, პროცესის გადადების მიზეზი ისაა, რომ მოსამართლე შვებულებაშია.


გრიგორიადისის პროცესის 26 თებერვლამდე გადადების გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ 15 იანვარს მიიღო. მან მორიგი პროცესის ასე გვიან დანიშვნის მიზეზად დატვირთული გრაფიკი დაასახელა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გადადების ნაბიჯი სინამდვილეში პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად:

„ზოგადად, პროცესი ჭიანურდებოდა. წინა პროცესზე ჩვენ ბრალდების მხარეს ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გავუხადეთ, რაც, რა თქმა უნდა, სწრაფ მართლმსაჯულებას ემსახურებოდა. დღეს ჩვენი მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა დაცვის მხარემ, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მოგვეხსნა მოწმეები დასაკითხთა სიიდან. რაც შეეხება დასკვნით სიტყვებს, ჩვენ გვინდოდა დროულად დაგვესრულებინა პროცესი, მაგრამ მოსამართლემ დატვირთული გრაფიკი მოიმიზეზა და შემდეგი სხდომა 26 თებერვალს დანიშნა“, — აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი.

მისი თქმით, მომდევნო სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს. გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლაზარეს გაამტყუნებს, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის, მიმართავენ სააპელაციო სასამართლოსაც.

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი