ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.
„2 წლის წინანდელი საქმე გადმოიღეს თაროდან და მიუსაჯეს მისი აქტიურობის გამო. მე არასდროს მიჩივლია და არანაირი პრეტენზია არ მქონია, მაგრამ არანაირი შეღავათი არ გაუწევიათ. მოვედი, რომ მოსამართლისთვის მეთქვა — მე მაშინ ვიყავი უგონოდ მთვრალი და [ლაზარემ] კი არ დამაზიანა, უფრო დიდ უბედურებას დამაშორა. უარესი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ლაზარე გრიგორიადისის მამამ ბექა გრიგორიადისმა.
IPN-ის ინფორმაციით, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაკვალიფიცირდა. გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
როგორც „ნეტგაზეთს“ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა 2021 წელს მოხდა, რა დროსაც ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ფეხში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.
„მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში. გაშორებულები არიან ჩემი შვილი და მამამისი. პირიქით, ის მოგვივარდა სახლში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… გვლანძღავდა, გვაგინებდა. ერთხელაც კარი გაუღო, შეტაკება მოხდა და დაჭრა მამამისი”, — განაცხადა ამ საქმესთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ.
ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მეორე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდების ბრალდებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.