ახალი ამბები

პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, თუ რატომ მოხვდა მთივლიშვილის სტატია კონკურსის ფინალში

20 თებერვალი, 2024 •
პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, თუ რატომ მოხვდა მთივლიშვილის სტატია კონკურსის ფინალში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ მოხვდა „მთის ამბების“ ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში.

საუბარია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაზე.

პაპუაშვილის მოსაზრებით, მთივლიშვილის სტატია „ტყუილებით სავსე“ იყო და როცა ასეთი მასალა ევროკავშირის კონკურსის ფინალში ხვდება, მნიშვნელოვანია, რამდენად აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირი.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რასაც 33 ადამიანი ემსხვერპლა, „დეზინფორმციული კამპანია“ იყო აგორებული.

„ახლა ევროკავშირის კონკურსში რომ ფინალამდე აღწევს ასეთი სახის სტატია და ეს ხომ არ არის უბრალოდ ტყუილი, მიზანი იყო საზოგადოებაში პანიკის დათესვა, სტიქიის დღეებში ისტერიის შექმნა და ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების განწყობა. როდესაც ასეთი სამუშაოთი არის დაკავებული ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტს ეძახის და შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ჟურნალისტურმა სამყარომ ამხილოს ასეთი დეზინფორმაცია, ეთიკის საბჭომ იმსჯელოს და ამხილოს, ევროკავშირის კონკურსში ფინალამდე აღწევს განზრახული ტყუილებით სავსე სტატია, თან განზრახული ტყუილი იყო.

ტყუილი იყო ის, რომ წინასწარ იყო ცნობილი, რომ სტიქია იქნებოდა; ის, რომ მდინარე იყო დაგუბებული დღეების განმავლობაში, იყო ტყუილი; ის, რომ ჯებირების კონსტრუქცია გადაარჩენდა სიცოცხლეს, იყო ტყუილი. თითქმის ყველაფერი, რაც იქ იყო[სტატიაში], ტყუილი იყო. როდესაც ასეთი ტყუილი სტატია ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში გადის ფინალამდე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს ესხმის. შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებდა. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა.

მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგიც გამართა, სადაც „მთის ამბები“ ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა. მანამდე კი  „მთის ამბებს“ პოსტის წაშლა მოსთხოვა.  „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ კი გელა მთივლიშვილს „არაკაცი“ უწოდა.

მაშინ „მთის ამბება“ პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ განცხადებაც გაავრცელა, რომ პაპუაშვილის განცხადებები ძალადობის სახიფათო ფორმებს ახალისებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი