ახალი ამბები

„ნოვაია გაზეტა“: ნავალნის ცხედარი სალეხარდის საავადმყოფოშია

18 თებერვალი, 2024 •
„ნოვაია გაზეტა“: ნავალნის ცხედარი სალეხარდის საავადმყოფოშია

„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის საავადმყოფოში მორგშია დასვენებული და მას 17 თებერვლის მონაცემებით აუტიფსია ჩატარებული არ ჰქონდა.

წყარო გამოცემას ეუბნება, რომ ნავალნის ცხედარი კლინიკაში 16 თებერვალს გადაასვენეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ციხეში დაღუპულთა ცხედრებს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ასვენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი გაურკვეველი მიზეზით ცხედარი კლინიკაში მიიტანეს:

„სხეული მორგში დაასვენეს, კართან კი ორი პოლიციელი დააყენეს. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა რა ხდებოდა, მალევე მივხვდით, რომ ცხედარი პოლიტიკოსს ეკუთვნოდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ პათანატომებს აუტოფსიის ჩატარება აუკრძალეს. ზოგი ამბობდა, მიიღეს ბრძანება სპეციალისტებს მოსკოვიდან დაელოდეთო, სხვები კი აცხადებენ, რომ ექიმებმა თავად თქვეს უარი აუტოფსიის ჩატარებაზე“ — უყვება წყარო „ნოვაია გაზეტას“.

გამოცემა წერს, რომ წყაროს ინფორმაციით, ნავალნის სხეულზე სიცოცხლეში მიღებული სისხლჩაქცევები აღენიშნება, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს არა ძალადობის კვალი, არამედ კრუნჩხვების და გულის მასაჟის შედეგი შეიძლება იყოს:

„როგორც სასწრაფო დახმარების თანამშრომელს დიდი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა, რომ იმგვარი დაზიანებები, როგორსაც აღწერენ კრუნჩხვებისას ჩნდება. ადამიანს კრუნჩხვები აქვს, ისინი ცდილობენ დააკავონ, კონვულსიები კი ძლიერია — ამ დროს ჩნდება ჩალურჯებები. ამასთან, ამბობენ, რომ სისხლჩაქცევები ცხედარს გულმკერდზეც აქვს, რაც არაპირდაპირი გულის მასაჟის დროს შეიძლება განვითარებულიყო“ — ამბობს გამოცემის წყარო.

კიდევ ერთი წყარო გამოცემას ეუბნება, რომ გუშინ, 17 თებერვალს ქალაქის აეროპორტში ორი არაგეგმიური რეისი ჩაფრინდა. წყარო რომელიც ტაქსის მძღოლია, გამოცემას ეუბნება, რომ როგორც წესი, ასეთივე პატარა თვითმფრინავებით ქალაქში ოლიგარქები ჩადიან სანადიროდ, თუმცა გუშინ ჩამოფრენილ ბორტს საგამოძიებო კომიტეტის მანქანები დახვდნენ. ერთი საათის შემდეგ წყაროს თქმით, კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდა. გამოცემა წერს, რომ შესაძლოა აღნიშნული რეისებით ექსპერტიზის ჩასატარებლად მოსკოვიდან სპეციალისტები ჩაფრინდნენ.

„ნოვაია გაზეტა“ აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ რიგი ბიოლოგიური მასალები შესაძლოა მოსკოვში საკვლევად გადაგზავნონ, აუტოფსია რამდენიმე დღეს გასტანს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნავალნის ოჯახს დაღუპულის ცხედარს სულ მცირე კიდევ ერთი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ.


რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსის ცხედარი ოჯახს სასწრაფოდ უნდა გადაეცეს.

ამასთან, პრესმდივანმა ალექსეი ნავალნის სიკვდილი დაადასტურა.

„ალექსეი ნავალნი მოკლეს. ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, ის  16 თებერვალს,  ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე დაიღუპა.  კოლონიის თანამშრომელმა თქვა, რომ ნავალნის ცხედარი ახლა სალეხარდშია. ახლა მასთან „გამოძიებას“ ატარებენ.

მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი სასწრაფოდ გადასცეს მის ოჯახს“, – განაცხადა ნავალნის პრესსპიკერმა.

როგორც იარმიშმა, ნავალნის ადვოკატი და დედა სალეხარდის მორგში მივიდნენ, თუმცა მორგი დახურული აღმოჩნდა. მისი თქმით, ადვოკატმა მორგის კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ მათ ნავალნის ცხედარი არ ჰქონდათ.

„სალეხარდის მორგში ალექსის ადვოკატი და დედა მივიდნენ. ის დახურულია, მიუხედავად კოლონიის დარწმუნებისა, რომ მუშაობს და ნავალნის ცხედარი იქ არის. კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა ადვოკატმა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ აქვთ“, – აცხადებს ნავალნის პრესმდივანი.

ნავალნის თანამოაზრეების ცნობით, სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ მათ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინეს და ცხედარს ჩატარდა „განმეორებითი ჰისტოლოგიური გამოკვლევა“ ჩაუტარდა.

ნავალნის პრესმდივნის ცნობით, ექსპერტიზის შედეგები „სავარაუდოდ ხელმისაწვდომი მომავალ კვირას იქნება“.

„აშკარაა, რომ იტყუებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხედარი არ დატოვონ“, – წერს იგი.

15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მკვლელობა მოწმავლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავთად საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი  დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი