პლატფორმა Paper Kartuli-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუს აქტივისტებს არ მისცა უფლება, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში ჩაეტარებინათ.
გამოცემის ცნობით, უწყებამ ისინი გადაამისამართა ბეთლემის #23-ში.
ორგანიზატორები გამოცემასთან ამბობენ, რომ არ ჰქონდათ გზის გადაკეტვის განზრახვა. თუმცა პოლიციამ სასურველ ადგილას შეკრების უფლება მაინც არ მისცა.
რუსეთის ციხეში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოქალაქეები ბეთლემის #23-ში 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.
დღეს, 16 თებერვალს, ალექსეი ნავალნის დაღუპვიდან 2 წელიწადი გავიდა. ნავალნი 2024 წელს რუსეთის ციხეში დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნი ბაყაყის შხამით მოკლეს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ხუთი ევროპული ქვეყნის ექსპერტები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალები დამოუკიდებლად შეისწავლეს.
პუშკინის სკვერში პერიოდულად იკრიბებიან შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები და პრორუსული განწყობების მქონე სხვადასხვა გაერთიანებები. მაგალითად, გასული წლის 6 ივნისს ამ ადგილას რუსული ენის დღე აღინიშნა. შეკრებილებმა პუშკინის ძეგლთან ყვავილებიც მიიტანეს.
ამავე თემაზე:








