ახალი ამბები

„რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“ — პაპუაშვილი ნავალნის სიკვდილზე

16 თებერვალი, 2024 • 1160
„რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“ — პაპუაშვილი ნავალნის სიკვდილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს, შეაფასოს რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის ფაქტი.

„რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“ ,— ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ნავლნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი.

დღეს, 16 თებერვალს, რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი კოლონიაში მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

მსოფლიო ლიდერები ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან პუტინის რეჟიმი მას წლების განმავლობაში დევნიდა, დაპატიმრების შემდეგ კი წამების ტოლფას პირობებში ამყოფებდა.


ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზო“-ში – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი  რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი