ახალი ამბები

პოლიტიკო: EU აპირებს ჩინური კომპანიების სანქცირებას რუსეთისთვის დახმარების გამო

13 თებერვალი, 2024 • 840
პოლიტიკო: EU აპირებს ჩინური კომპანიების სანქცირებას რუსეთისთვის დახმარების გამო

ევროკავშირი სურს სანქციები დაუწესოს  ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ინდოეთსა და სერბეთში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების მქონე საქონლის მიღებაში ეხმარებიან.

ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს ბრიუსელში რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით.

თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან, ზემოხსენებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში მოხვდება. ბრიუსელს სურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი 24 თებერვლამდე დაასრულოს, როდესაც შესრულდება 2 წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან. აგრეთვე, ევროკომისიამ მოუწოდა ეროვნულ მთავრობებს, “იმოქმედონ შეთანხმებულად” სანქციების შესრულების გამკაცრებისთვის.

ამჟამად ბრიუსელი, წინადადების იმ პროექტის მიხედვით, რომელზეც “პოლიტიკო” წერს, ემზადება სანქციების დასაწესებლად ოთხი ჩინური კომპანიისთვის, რომლებიც, მისი მონაცემებით, ეხმარებიან კრემლს ევროპული ორმაგი დანიშნულების საქონლის შეძენაში.  აღნიშნული გეგმები Politico-ს ორმა დიპლომატმა დაუდასტურა. მანამდე ამ საკითხზე ინფორმაცია გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა.

Politico-ს თანახმად, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დეკემბერში პეკინის სამიტზე სი ძინპინს მიაწოდა შეტყობინება, რომ ბრიუსელმა შეადგინა იმ კომპანიების სია, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებაში. ორმაგი დანიშნულების პროდუქტი არის საქონელი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულებისთვის, მაგალითად, საფრენი დრონი. დასავლეთი ასეთი საქონლის რუსეთისთვის მიყიდვას კრძალავს.

ევროპულ ფირმებს აეკრძალებათ აღნიშნულ ოთხ კომპანიასთან ურთიერთობა, თუკი ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდებიან მათი  ორმაგი დანიშნულების სანქციების სიაში შეყვანაზე.

სიაში თითო კომპანია არის ყაზახეთიდან, ტაილანდიდან, თურქეთიდან, შრი-ლანკიდან, ინდოეთიდან და სერბეთიდან, ასევე, კიდევ 11 სუბიექტი რუსეთიდან – ჯამში, 21 კომპანია.

თუ ევროკავშირის 27 მთავრობა შეთანხმდა სანქციების ახალ პაკეტზე, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელი ღიად დაუმიზნებს ჩინეთში არსებულ კომპანიებს.

პოლიტიკოს ცნობით, ეს გეგმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებმა ორშაბათს განიხილეს. მსჯელობა ოთხშაბათს გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი