ახალი ამბები

კობახიძე: სტატუსიდან გამომდინარე მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა 

9 თებერვალი, 2024 • 1576
კობახიძე: სტატუსიდან გამომდინარე მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მისი ახალი სტატუსიდან გამომდინარე მოუწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა.

ეს განცხადება მან 8 თებერვალს, მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

“ოპოზიციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ არასოდეს ჩასულხართ სადემარკაციო ხაზთან. აპირებთ თუ არა ხლა მაინც ჩახვიდეთ საოკუპაციო ხაზთან?” – ერთ-ერთი ჟურნალისტის ამ კითხვას კობახიძემ უპასუხა:

“ჩემი ახალი სტატუსიდან [პრემიერ-მინისტრის პოსტი]  გამომდინარე აუცილებლად მომიწევს, ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. დღეს, საპარლამენტო განხილვის დროს საუბარი მქონდა იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლებიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას.  ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას”, – განაცხადა კობახიძემ.


  • 8 თებერვალს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე.
  • “ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა 1 თებერვალს წარადგინა, 8 თებერვალს კი პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას მისი ხელმძღვანელობით.
  • ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ 2016 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.  2019 წელს, 20 ივნისის აქციების შემდეგ,  იძულებული გახდა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაეტოვებინა და დაიკავა პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის პოსტი. ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შემდეგ კი გახდა „ოცნების“ თავმჯდომარე. იყო „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი