გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ბოლო წლებში საქართველოში ყველაზე მასშტაბური აქციების მიზეზი იყო.
ამის შესახებ მან დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტში განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.
ბექა ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს ის ფაქტები შეახსენა, რის გამოც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობას არ იმსახურებს.
„დღეს საქართველოს მოსახლეობამ თქვენ ნდობა უნდა გამოგიცხადოთ, რომელსაც დამსახურება უნდა. დამისახელეთ თქვენი 1 პოლიტიკური ნაბიჯი, თქვენი სიტყვის ერთგულების 1 ფაქტი, რის გამოც იმსახურებთ მოსახლეობის ნდობას. მე პირიქით შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 10 ფაქტი, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად:
- თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი;
- თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი;
- მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოოდ გამაძლიერებელი;
- რუსული კანონის ინიციატორი და მიმღები;
- პარლამენტის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირებისგან სრულად დამცლელი და დამანგრეველი;
- პერსონალურად თქვენ ხართ ბოლო წლებში ქვეყანაში მოქალაქეების ასი ათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი, თან ორჯერ.
ივანიშვილმა რატომ აგირჩიათ, გასაგებია, ეს ყველაფერი მისი დავალებით შეასრულეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, ამაზე გვიპასუხეთ. ივანიშვილი თქვენზე უკეთეს განსახიერებას ვერ შეარჩევდა იმისას, თუ როგორ ტყუილებში ჩაკარგულ ძალას წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“, – მიმართა ლილუაშვილმა კობახიძეს.
2019 წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია. აქციაზე გახარიას, კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვდნენ. პროტესტის ფონზე თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა, რამდენიმე თვეში კი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.
„გავრილოვის ღამეს“ აქციის მონაწილეთა ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ. დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი.