ახალი ამბები

პრეზიდენტი მიმართავს ადამიანს, “ვინც რეალურად მართავს ქვეყანას”

6 თებერვალი, 2024 • 886
პრეზიდენტი მიმართავს ადამიანს, “ვინც რეალურად მართავს ქვეყანას”

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და პოლიტიკაში მესამედ მოსვლის შემდეგ პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩეულ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი სწორედ ივანიშვილია, რადგან ის არის ადამიანი, “ვინც რეალურად მართავს ქვეყანას”.

“საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის;

საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება – როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა, ერთი მხრივ, ებრძვით, ან ასე ამბობთ, “ნაციონალურ მოძრაობას” და, მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ”, – ასე მიმართა ზურაბიშვილმა ივანიშვილს.

ივანიშვილამდე პრეზიდენტმა მომავალ-პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართა. ზურაბიშვილმა მას გავრილოვის პარლამენტში შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება და ანტიდასავლური რიტორიკა შეახსენა. პრეზიდენტმა კობახიძეს ჰკითხა, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ აპირებს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი