საზოგადოება

ჯუნგლები, გვამები, ნარკოკარტელი – როგორ ჩავედი ამერიკაში

23 ნოემბერი, 2022 • 33001
ჯუნგლები, გვამები, ნარკოკარტელი – როგორ ჩავედი ამერიკაში

ყოფილი პოლიციელი გიორგი (სახელი შეცვლილია) გვიყვება ამბავს, როგორ მოახერხა ე.წ. კოლუმბიის გზით ამერიკაში ჩასვლა და ამისათვის დასჭირდა თითქმის 3 თვე, ჯუნგლებში სიარული და 14 ქვეყნის გავლა. როგორ ნახა გზაში ადამიანის გვამი, როგორ შეხვდა მკვიდრი ამერიკელების ტომებს, როგორ დააკავეს სამჯერ, მათ შორის, ნარკოკარტელის კრიმინალებმა, და რას ურჩევს მათ, ვინც მის მსგავსად გადაწყვეტს აშშ-ში კოლუმბიის გზით გამგზავრებას. ისტორიასთან ერთად გიორგი ასევე გვიზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც ამ მოგზაურობიდან შემორჩა. სტატია შეიცავს მძიმე კადრებსაც.

მივდივარ ამერიკაში! ევროპის გავლით?

ამერიკაში არალეგალურად მოსახვედრად 2 გზა არსებობს:

  1. უნდა მიიღო შენგენის წევრი რომელიმე ქვეყნის სამუშაო (ე.წ. D კატეგორიის) ვიზა, რისი წყალობითაც შეგიძლია მექსიკაში შესვლა და შემდეგ უკვე ამერიკაში გადასვლა.
  2. საჭიროა პირდაპირ მექსიკის ტურისტული ვიზის აღება, რისი წყალობითაც ჩადიხარ მექსიკაში და შემდეგ —ამერიკაში.

თუმცა მაისში, მაშინ, როცა მე გადავწყვიტე წამოსვლა, მექსიკის ტურისტული ვიზა დიდად პოპულარული არ იყო და ყველა სარგებლობდა შენგენის სამუშაო ვიზის (ძირითადად, პოლონეთის) გზით.

დავუკავშირდი ადამიანს საქართველოში, რომელზეც ვიცოდი, რომ ამ საქმით იყო დაკავებული. მითხრა, რომ ამერიკაში 14 ათასი დოლარისა და 2 ათასი ევროს სანაცვლოდ გადამიყვანდა. ეს ადამიანი მხოლოდ გზას „ალაგებდა“, ასე რომ ვთქვათ, თვითონ დისტანციურად მონაწილეობდა ამ პროცესში.

მისი მითითებით საქართველოდან ჩავედი პოლონეთში, სადაც დამხვდა პირი, საშა, რომელიც D ვიზის მიღების საქმეში უნდა დაგვხმარებოდა . პოლონეთიდან მანქანით გადავედით ლიეტუვაში, შემდეგ შევდივართ ლიეტუვის საემიგრაციო სამსახურში, სადაც ზუსტად ვერ გავიგე, რა მითხრეს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის კომპანია, რომელიც მე ვითომ ლიეტუვაში სამუშაოდ მიწვევდა და რის საფუძველზეც ჩემთვის D ვიზა უნდა მოეცათ, 2 წლის წინ იყო გაუქმებული. 2 ათასი ევრო, რომელიც თავიდან ვახსენე, უკვე გადახდილი მაქვს, რადგან ეს სწორედ ამ ვიზის თანხაა.

ჯამში, სამჯერ შევედი ლიეტუვის საემიგრაციო სამსახურში და სამივეჯერ უარი მივიღე სამუშაო ვიზაზე. ამასობაში გავიდა 21 დღე. არადა, [გადამყვანის პირობით] 2 კვირაში უკვე ამერიკაში უნდა ვყოფილიყავი. ასევე წავედით ესტონეთში და იქაური საემიგრაციო სამსახურისგანაც უარი მივიღეთ. ვურეკავ გადამყვანს და ვეუბნები: ვიზა არ კეთდება და ფული უკან დამიბრუნე-მეთქი, ამის საპასუხოდ მან შემომთავაზა, კოლუმბიიდან წაგიყვან ამერიკაშიო. მექსიკისგან განსხვავებით, კოლუმბიაში ჩასვლა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ — ჯერ უნდა ჩავსულიყავი კოლუმბიაში, იქიდან გადავსულიყავი მექსიკაში და შემდეგ- უკვე აშშ-ში. გამოდიოდა, რომ არალეგალურად არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მექსიკაშიც უნდა შევპარულიყავი.

ვაი იმ დღეს და იმ წამს, როცა მე მაგ შემოთავაზებას დავთანხმდი.

კოლუმბიასა და მექსიკას შორის 5 ქვეყანა მდებარეობს: პანამა, კოსტა-რიკა, ნიკარაგუა, ჰონდურასი, გვატემალა. ეს ქვეყნები ზღვით და ხმელეთით უნდა გადაგვეკვეთა.

კოლუმბიაში, კატარღის მოლოდინში

რამდენიმე დღეში ლიეტუვიდან გადავედი ესპანეთში და იქიდან უკვე კოლუმბიაში, კერძოდ, ბოგოტაში (კოლუმბიის დედაქალაქი) ჩავფრინდით. ახალი პირობითაც ლიეტუვიდან ამერიკაში 2 კვირაში უნდა ჩავსულიყავი.

კოლუმბიაში გავიგე, რომ იქიდან პანამამდე უნდა წავიდეთ რაღაც კატარღით. გვითხრეს, 18 კაცი კი ხართო და 1 ქალი გვახლდა, მაგრამ ყველასთვის საკუთარი კაიუტები ვერ იქნებაო… 3-კაციანი კაიუტები გვაქვსო. ამ 18 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში 11 ქართველი პოლიციელი ვიყავით და ერთი იყო სასაზღვროს თანამშრომელი.

კოლუმბიაში დაახლოებით 2 კვირა დავრჩით. ბოგოტადან შიდა ფრენით გადავფრინდით მონტერიაში, ზღვასთან ახლოს მდებარე ქალაქში, რომ იქიდან კატარღით გადავსულიყავით პანამაში.

იმ ადგილამდე, საიდანაც ჩვენი კატარღა უნდა გასულიყო, ავტობუსით ვიმგზავრეთ. ვიარეთ ტყე-ღრეში და ადგილზე რომ მივედით, მინდორში, დაახლოებით 300 კაცი დამხვდა, ყველა გადასვლის მსურველი იყო, რომელიც ამ გზით მიდიოდა ამერიკაში.

მიგრანტების ბანაკი


ტელეფონები გაგვათიშინეს. მძღოლებს/გამცილებლებს სახეზე ნიღბები უკეთიათ და ხელში მაჩეტეები უჭირავთ. მათი სახეები საერთოდ არ მინახავს.

კაიუტებიანი კატარღის ნაცვლად ადგილზე მოვიდა მაქსიმუმ 8-10- კაციანი კატერი, რომელსაც ხელით დასაქოქი ძრავა აქვს. ჩაგვყარეს ამ კატერში და წავედით. 20 საათი ვიარეთ. შუა ზღვაში ეს კატერი გაგვიფუჭდა.

გზა ჩვენი კატერით

 

გვეშინოდა მაჩეტეიანი გამცილებლების, რადგან მათ იცოდნენ, რომ ჯიბეში ფული გვედო. კატერი შეაკეთეს და უცნობ ადგილზე მიგვიყვანეს, სადაც უნდა გავჩერებულიყავით პანამამდე გზაში.

წესით, აქ მეორე კატერი უნდა მოსულიყო და მას უნდა მივეყვანეთ პანამაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ გვიწევდა ე.წ. ჯუნგლების გზის გავლა ფეხით. მივხვდი, რომ იქიდან უკან დასაბრუნებელი გზა აღარ მქონდა, რადგან 20 საათი რომ კატერით მგზავრობ, იქიდან უკან აღარავინ დაგაბრუნებს.

გვითხრეს, ჯუნგლების გავლა მოგიწევთო. ჩვენი ქართველი გადამყვანი მანამდე გვეუბნებოდა, რაღაც აცრა გაიკეთეთო და ვიძახდი, თუ ჯუნგლებში სიარული არ მომიწევს, აცრა რად მინდა-მეთქი… როგორც აღმოჩნდა, მან წინასწარ იცოდა, რომ საბოლოოდ ამ გზით მოგვიწევდა სიარული.

გზა ჯუნგლებში

პანამამდე გზაში მოგვიწია გვამების ნახვა, ჩალით გადახურულ ფიცრულებში მცხოვრებ ადგილობრივ, ძირძველ ტომებთან შეხვედრა, რომლებიც ბანანების ჭამის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ტელეფონზე და კომუნიკაციებზე საუბარიც არაა, საერთოდ არ იჭერს… 24 საათზე მეტი ვიყავით მშივრები…

გარდაცვლილი ადამიანის ძვლები ჯუნგლებში

ჯუნგლებში 12-13 საათი მოგვიწია სიარული… ტალახში, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავით… დასივებულები, მწერებისგან დაკბენილები, ფიზიკურად ვერ გადმოვცემ ყველაფერს…

ერთ-ერთ ადგილობრივ ტომთან

რა ვიცით ამ ჯუნგლებზე - დააკლიკეთ

დარიენის ნაპრალი (darien gap) არის უგზო, გაუკვალავი ტროპიკული ტყე პანამასა და კოლუმბიას შორის. ეს გზა წლებია, სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიგრანტების გადაადგილებისა და ნარკოტრაფიკის უმთავრესი მარშრუტია. დარიენის ნაპრალი ერთადერთია მონაკვეთია, სადაც ტრანსამერიკული მაგისტრალი, ანუ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის დამაკავშირებელი გზა არ გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე პანამისა და კოლუმბიის საზღვარი გადის, იქ მესაზღვრეები არ დგანან, სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ჯუნგლებს ხშირად აფარებენ თავს კრიმინალური ჯგუფები.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ დარიენის ნაპრალის კრიზისზე, რომლის გადაკვეთითაც ათასობით მიგრანტი, მათ შორის ბავშვები, რისკავს სიცოცხლეს.

დარიენის ნაპრალი 97 კმ სიგრძისაა და მის სრულად გადალახვას შეიძლება, ერთი კვირაც დასჭირდეს.

ქართველ პოლიციელ გიორგის, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიის მხოლოდ ნაწილის გადაკვეთა მოუწია.

World Vision-ის მიხედვით, მიგრანტების უმეტესობა ჯუნგლებს ყოველგვარი რუკისა და ინსტრუქციის გარეშე გადის, მხოლოდ გამცილებლების იმედად, რომლებიც ხშირად არანაკლებ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე გველები და ჯუნგლები, რადგან ზოგჯერ ადამიანების ტრეფიკინგში ჩაბმული პირები აღმოჩნდებიან ხოლმე.

უმეტესობა იმ ადამიანებისა, ვინც ეს გზა გაიარა, ამბობს, რომ იმავეს არაფრის სანაცვლოდ აღარ გააკეთებდა.

ვენესუელელი მიგრანტები დარიენის ნაპრალის გადაკვეთისას © EPA-EFE/MAURICIO DUENAS CASTANEDA

33 000 დოლარი

საბოლოოდ ჩავედით პანამაში და იქიდან დავიწყეთ მანქანით მოგზაურობა მექსიკამდე, გადავკვეთეთ კოსტა-რიკა, ნიკარგაუა, ჰონდურასი, გვატემალა.

პანამაში როცა ჩავედი და ტელეფონი დავიჭირე, გადამყვანს ვუსაყვედურე, მე ასეთ რაღაცაზე არ წამოვსულვარ და რატომ გამიკეთე-მეთქი? მითხრეს რაღაც დალაგებული ტყუილი, რომელიც მე დავიჯერე. ისეთ გზას გავდიოდი, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მართლა აღარ მქონდა. გზა მხოლოდ წინ იყო და თუ გადარჩებოდი, გადარჩებოდი.

კატერის ხალხს ფულს ვაძლევდით, უკან დაგვაბრუნეთ-მეთქი, მაგრამ არაო.

საქონლის სადგომი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ის ადგილები, სადაც ჩვენ ყოფნა გვიწევდა.

მწერების დაკბენის შემდეგ გვეგონა, რომ რაღაც დაავადებები დაგვემართებოდა და ვერ გადავრჩებოდით.

მექსიკის საზღვრამდე ბოლო ქვეყანაში (გვატემალა) ჩავედით მანქანით. გვითხრეს, აქედან 15 წუთი ფეხით უნდა იაროთ და როცა საზღვარზე გადახვალთ, იქ მანქანა დაგხვდებათ, რომელიც წაგიყვანთო. სინამდვილეში მოგვიწია არა 15 წუთის, არამედ 12 საათის განმავლობაში სიარული, სადღაც ბაღებში… ყველანაირად მოუმზადებლები ვიყავით. რადგან გვითხრეს, 15 წუთის გზააო, მხოლოდ ერთი ბოთლი წყალი წავიღეთ და ა.შ.

გზა ტალახში

წელამდე ტალახში მივდიოდი მთელ დღეზე მეტი, ჩვენს თავზემოთ, ხეებზე, მაიმუნები დახტოდნენ. მიგვიყვანეს აგურით ნაშენებ სახლში, სადაც დაგვხვდა უკიდურესი სიბინძურე.

“სასტუმრო”

იქიდან უკვე დავურეკე გადამყვანს და ვუთხარი, ასე რატომ მწირავ-მეთქი, არ მინდა არც ასეთი ამერიკა, არაფერი და მოვთხოვე, ფული დაებრუნებინა ჩემთვის, რაც გადახდილი მქონდა. ჩემთან ერთად ჩემი ბიძაშვილიც მოდიოდა ამერიკაში. თითოს 11 500 – 11 500 დოლარი გვქონდა გადახდილი. მამაჩემი მივიდა გადამყვანის სახლში და არ დახვდა, მეორე დღეს დატოვა საქართველოს საზღვარი. ჩემი ფულიანად გაქრა.

მაჩეტეიან გამცილებლებს პანამის საზღვარზე 7500 დოლარი მივეცი… ამის შემდეგ კიდევ უამრავი ფული დამეხარჯა. ჯამში, თითო ადამიანს 33 000 დოლარი დაგვიჯდა აშშ-ში ჩასვლა.

როცა პანამისკენ მივდიოდი და კომუნიკაციის საშუალება არ მქონდა, ჩემი მეუღლე ნერვიულობდა და ერთ-ერთ ჯგუფში პოსტი დაწერა, სადაც გამოეხმაურა მეორე გადამყვანი, რომელმაც მოიპოვა მისი ნდობა და გადამყვანი შევცვალეთ. მე წაგიყვანთ მაგ გზით, ეგენი გღუპავენო. საკმარისი გამოცდილება კი გვქონდა, რომ ასე არ მივნდობოდით არავის, მაგრამ ფიზიკურად ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ არჩევანის საშუალება არ მქონდა. იძულებული ხარ, ენდო. ამ მეორე გადამყვანმა მოგვთხოვა 8 500 დოლარი. ვერ გეტყვით, რომ ია-ვარდით მოფენილ გზაზე გატარებთ, მაგრამ ნორმალურ სასტუმროში დაიძინებთ და საფრთხე არ დაგემუქრებათო. ვენდეთ, მაგრამ ვაი პირველი გადამყვანის გზას და ვუი — მეორის.

როგორ აღმოვჩნდით ნარკოკარტელის ხელში

როცა უკვე მექსიკაში უნდა შევსულიყავით, მოიყვანეს დოჯის ფირმის 2 ცალი პიკაიპი, ჩვენ რომ ჰაილუქსს ვეძახით საქართველოში. 2 მანქანის სალონსა და უკან, ძარაზე დაგვსხეს 73 ადამიანი. ზემოდან გადაგვაფარეს ბრეზენტი: ვითომ ტვირთის მქონე მანქანები შედიოდნენ მექსიკაში, ხალხი რომ არ გამოჩენილიყო. ბრეზენტის გამო ჰაერს საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. ერთ ეპიზოდში მანქანიდანაც მაგდებდნენ. ვიგუდებოდი და ბრეზენტი გავხიე… ერთ-ერთმა მგზავრმა მძღოლს დაუძახა და ის მაგდებდა, ვინ მოგცა მაგის უფლებაო, მაგრამ რა მექნა, ვერ ვსუნთქავდი.

მთელი ღამე გვატარეს. შეგვიყვანეს მექსიკის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ დაგვხვდა ტაქსი, რომელსაც მექსიკურ სასტუმროში უნდა მივეყვანეთ, მაგრამ ამ ტაქსიმ დაგვტოვა ერთსართულიან შენობასთან, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო ნარკოკარტელის “ოფისი”.

მოკლედ, ნარკოკარტელმა დაგვიჭირა.

2 დღე-ღამე ვიყავით იქ. 2-3 კაცის ცემით დაიღალნენ და დანარჩენებს თავი დაგვანებეს. გადამყვანი შეკრული იყო მძღოლთან, რომელსაც სასტუმროში უნდა მივეყვანეთ, მაგრამ კარტელს ჩაგვაბარა და იქ კიდევ ფული მოგვთხოვეს — ადამიანზე 2 500 დოლარი. გადაგვახდევინეს ეს ფული და გამოგვიშვეს. აქედან უნდა წავსულიყავით ტიხუანისკენ, რომელიც საზღვრისპირა ქალაქია მექსიკაში და კალიფორნიის შტატს ესაზღვრება.

მექსიკაში სასიარულოდ ყალბი საბუთები გვქონდა დამზადებული, რომ თითქოს მეხიკოში ჩამოვფრინდით ლეგალურად და ა.შ. ამ საბუთებით უნდა გვევლო მექსიკის გზებზე, მაგრამ პირველივე გაჩერებისას დაგვიჭირეს, ამჯერად უკვე ქვეყნის ოფიციალურმა სტრუქტურებმა.

ნარკოკარტელის შემდეგ 2 დღე “დაგვასვენეს” და ახლა უკვე მექსიკის საემიგრაციო ციხეში ამოვყავით თავი. წარმოიდგინეთ, თუნუქის სახურავიანი ციხე და აუტანელი, ალბათ 45-გრადუსიანი სიცხე. ასე ვიყავით 10 დღის განმავლობაში.

მექსიკის საემიგრაციო სამსახურმა დაკავების შემდეგ რაღაც ფურცელი მოგვცა, სადაც გაწერილი იყო მოთხოვნა, რომ 20 დღის ვადაში საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავით. ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ თქვენი დეპორტაცია მოვახდინოთ, ანუ ჩვენი სახსრებით ჩაგიყვანოთ საქართველოში და თქვენით წადითო.

ჩვენი გადამყვანი საერთოდ გაქრა და ახლა მაგასთან კონტაქტი რომ დავიწყე, მემუქრება, შენს თავს აშშ-დან დავადეპორტებინებ და საქართველოში შენს ოჯახს შევუქმნი პრობლემებსო.

ამის შემდეგ, ღმერთის წყალობით, კიდევ ერთი (რიგით მე-3) გადამყვანი ვნახეთ, რომელმაც გვითხრა, წინასწარ არ მჭირდება ფული და საზღვართან რომ მიგიყვანთ, მაშინ გადამიხადეთო.

ეს ადამიანი მექსიკაში შეგვხვდა, საემიგრაციო ციხიდან რომ გამოვედით, სომეხი კაცი იყო და რაც თქვა, ის გააკეთა: უსაფრთხოდ შემოგვიყვანა ამერიკაში.

ზოგადად, ყველა გადამყვანს ერთნაირი, დალაგებული ტექსტი აქვს, რომ ყველაფერი გათვალისწინებულია, როგორც კი ჩემს მანქანაში ჩაჯდები, შეგიძლია აღარ ინერვიულო და ა.შ. ყველა სტანდარტულ რაღაცებს გეუბნება. ამ ადამიანს მაინც უფრო იმიტომ ვენდეთ, რომ ფული წინასწარ არ მოუთხოვია.

მესამედ უკვე ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა დაგვაკავა. როცა აშშ-ის საზღვარი გადავკვეთეთ, იქ იდგა ამერიკული პოლიცია, საემიგრაციო განყოფილებაში მიგვიყვანეს, 6 ღამე ვიყავით და გამოგვიშვეს. პირველი, რაც გააკეთეს, იკითხეს სპონსორი, რომელიც ჩვენ გვყავდა. სპონსორი — ეს არის ადამიანი, რომელიც ამერიკაში ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს და მარტივად რომ ვთქვათ, თავდებში გიდგება, რომ შენ აშშ-ში საცხოვრებელს და სამსახურს მოძებნი.

-16 კგ და სხვა რიცხვები

საქართველოდან 14 მაისს წამოვედი და ამერიკაში 6 აგვისტოს ჩამოვედი. 2 თვე და 20 დღე ვიყავი გზაში, ხან ციხეში. გზაში დავიკელი 16 კგ, დაკლება, სიმართლე გითხრათ, სულ მინდოდა ფასტ ფუდების გადამკიდე, მაგრამ მთლად ასეთ “დიეტაზეც” არ ვოცნებობდი. 86 კგ წამოვედი და 70 კგ ჩამოვედი. დამეხარჯა 33 ათასი დოლარი. აშშ-ის და საქართველოს ჩათვლით ამ მოგზაურობაში 14 ქვეყანა გავიარე ევროპის, ასევე სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. საქართველოდან წამოსვლისას თმაზე არ მქონია ჭაღარის ნატამალი, ახლა თმების 40% თეთრი მაქვს იმ სტრესის გამო, რაც გზაში გადავიტანე.

გირჩევთ, კოლუმბიის გზით არ წამოხვიდეთ!

ცოტა ხნის წინ ფეისბუკზე, ერთ-ერთ ჯგუფში, ქალმა დაწერა, პანამა-ნიკარაგუის გზას თუ შემომთავაზებთ, ბავშვით რომ წავიდეო… ვიღაც უწერს, წამოდი და ამ გზას მე დავალაგებო. კომენტარი დავუწერე, რის საფუძველზე უშვებ ბავშვს და ზოგადად ადამიანს ეგეთ გზაზე-მეთქი… ეგეთი ტექსტი რამდენჯერმე დავწერე სხვადასხვა პოსტზე და შეურაცხმყოფელი გამოხმაურებაც მივიღე, შენ არ გინდა, ამერიკაში რომ ჩამოვიდეთო… მე რა ხელი უნდა შევუშალო ვინმეს აქ ჩამოსვლაში?! უბრალოდ, ვამბობ, მაგ კონკრეტულ კოლუმბიის გზაზე, რაც მე გავიარე, არ წამოხვიდეთ. მეორედ მაგ გზას არაფრის სანაცვლოდ აღარ გავივლიდი. ყველაფერთან ერთად ეგ არის უდიდესი ნერვიულობა და სტრესი. ეს არ არის ის, რომ ვიღაც ძლიერი კაცია და ის გაუძლებს, ფსიქოლოგიურადაც სერიოზული დარტყმაა ფიზიკურთან ერთად.

რატომ გადავწყვიტე აშშ-ში წასვლა

საქართველოში 2018 წლიდან ვმუშაობდი შსს-ში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ყოველთვის მომწონდა და მომავალშიც მომეწონება პოლიციელის პროფესია, რადგან მაგ საქმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.

მაგრამ ჩემი დანიშვნის დღიდან პოლიციაში თითქმის ყოველდღიურად უარსდებოდა სიტუაცია. გვიწევდა ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც არ უნდა გვეკეთებინა. ხშირად გავყავდით აქციებზე, სადაც ვხედავდით, რომ ჯანსაღი პროტესტი იყო და მომიტინგეების ხელოვნურად დაკავება გვიხდებოდა.

მაგალითად, იმართებოდა 50-კაციანი აქცია. სუსი მოიტანდა 10 ადამიანის სურათს, რომლებიც ლიდერები იყვნენ. დავალება იყო, რომ ეს ორგანიზატორები დაგვეკავებინა და აქცია იშლებოდა.

პირობითად, აქციაზე ვიყავი მანქანით, უცებ დამიძახებდნენ, ჩამისვამდნენ დაკავებულს და ისე, რომ საერთოდ არ დამინახავს არაფერი, დამკავებლად გამოვდიოდი მე. ანუ სხვის დაკავებულს აკავებ და შემდეგ სასამართლოშიც შენ უნდა წარდგე. რამდენჯერმე მომიწია ეს და დამიჯერეთ, შერცხვენილი ვიდექი სასამართლოში. ვერაფერი ვთქვი. რომ გელაპარაკებიან და ტყუილის თქმაც არ შეგიძლია ადამიანს… ერთხელ ვუპასუხე კიდეც მოსამართლეს, მე იქ საერთოდ არ ვყოფილვარ-მეთქი. სასამართლოში ყველაფერი დალაგებული იყო. ჟარგონზე რომ ვთქვათ, “ლიჟბი” ადგილამდე მიგეყვანა. საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.

უყურებ, რომ ადამიანი 20 ივნისს აპროტესტებს, ჟურნალისტებზე თავდასხმას აპროტესტებს… ამ დროს შენ, სამართალდამცავი, რომელმაც პირველმა უნდა დაიცვა მოქალაქეებიც და ადამიანის უფლებებიც, დგახარ და გიწევს ზემოთ მდგომი “ბობოლა” ხალხის დაცვა, სირცხვილია. ამას დიდი ხანი ვერ ვუძლებდი.

ხელმძღვანელები თვეში ორჯერ გვეცვლებოდა, ოღონდ ისეთები ინიშნებოდნენ, არანაირი გამოცდილება და ხედვა რომ არ აქვთ. ასეთები გიბიძგებენ ხალხის გამწარებისკენ… ფიზიკურად ვერ გაუძლებ ადამიანი იმიტომ, რომ სამართლიანი არ არის, თორემ რეალური სამართალდარღვევის დროს, როდესაც მე ვაკავებ ან ჩემი გადაწყვეტილებით ხდებოდა დაჯარიმება, მე იქ თავიდან ბოლომდე ყველა ზომას მივიღებ და პასუხისმგებლობასაც ავიღებ სასამართლოში იმიტომ, რომ ასეთ დროს ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ.

ამას დაემატა არჩევნები და დავალება, რომ უნდა წახვიდე, 60 ხმა მოიტანო შენი რაიონიდან, რამდენი ხანი გჭირდება ამისთვისო? რა თქმა უნდა, ვერავისთან მივედი და ვერ ვთხოვე, ხმა ამას და ამას მიეცი-მეთქი.

ასეთი დამოკიდებულებების გამო დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ დამეტოვებინა სამსახური და ემიგრაციაში წამოვსულიყავი. ახლა აუცილებლად ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახიც წავიყვანო აშშ-ში. მანდ რომ არიან, შიშის განცდა არ მტოვებს, რადგან ასე, კონფლიქტით წამოვედი სამსახურიდან.

უამრავი პოლიციელი წამოვიდა აშშ-ში. არის დაბალი ხელფასის მომენტიც, მაგრამ დღეს როცა ერთმანეთში ვსაუბრობთ ხოლმე, ყველანი სიამოვნებით დავბრუნდებოდით და ჩვენს სამსახურში ვიმუშავებდით, ოღონდ ნორმალურ პირობებში.

ძალიან ძნელია, როცა ხალხში აგრესიას ხედავ შენი, როგორც პოლიციელის მიმართ და ამ დროს შენც იმავე აზრზე ხარ, შენც იგივე პრობლემები გაწუხებს, რაც მათ.

როცა მომეცა თავის დაღწევის საშუალება, აგერ ვარ, ამერიკაში. მარტო ჩემი ოცეულიდან 4 კაცი ამ წუთას ერთ სახლში ვცხოვრობთ ამერიკაში. რეალურად, მართლა ძალიან ბევრი პოლიციელია წამოსული.

ამავე თემაზე გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/443332/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/422927/

მასალების გადაბეჭდვის წესი