ახალი ამბები

ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც მორიგი გამოსახლება იგეგმება, აქცია იმართება

26 იანვარი, 2024 • 1014
ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც მორიგი გამოსახლება იგეგმება, აქცია იმართება

თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, ზანდუკელის N2-ში, დღეს, 26 იანვარს, მორიგი გამოსახლებაა დაგეგმილი. ადგილზე აქტივისტები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილი, რომლებიც გამოსახლებას ეწინააღმდეგებიან. ისინი ასევე აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ, კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულებისთვის — გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის — წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

აქ არიან მოძრაობა “ხმის”, “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის წარმომადგენლები, ჭიათურელი მაღაროელები, კურიერები, უკვე გამოსახლებული და გამოსახლების მომლოდინე ოჯახები.

აღსრულების პოლიციის მისვლას და გამოსახლების პროცედურას ამჯერად ზანდუკელის N2-ში ბალახაძეების შვიდსულიანი ოჯახი ელოდება.

ოჯახში ცხოვრობენ  გუჯა ბალახაძე, რომელიც კურიერად მუშაობს, მისი 83 წლის დედა, 55 წლის ძმა, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს 30 წელია, ფეხმძიმე ქალიშვილი მეუღლითა და 5 წლის შვილით, გუჯას ვაჟიშვილი.

ბალახაძეების ოჯახს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესისგან”  20 000 დოლარი აქვს აღებული სესხად. გუჯა ბალახაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ ეს თანხა ერთბაშად არ აუღიათ. მიზეზი იყო სხვადასხვა დროს, 2015-2016 წლებში, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარდაუვალი საჭიროებები.

ოჯახისთვის სახლი, სადაც გუჯა ბალახაძე გაიზარდა, ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია და, როგორც ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ. მისი თქმით, ოჯახის საცხოვრებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ აუქციონზე გაიტანა და თავად ორგანიზაციამ შეისყიდა 17 000 ლარად მაშინ, როცა სახლის რეალური ღირებულება დაახლოებით 100 000-ს აშშ დოლარს აღწევს. გუჯა ბალახაძე ჰყვება, რომ ამის უფლება ორგანიზაციას სასამართლომ მიანიჭა, რომელმაც დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება ორგანიზაციის სასარგებლოდ.

მთავარ ფოტოზე: ზანდუკელის N2-ის ეზო, სადაც გამოსახლება იგეგმება. ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი