თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული მამა და ორი შვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ისინი 24 ივლისს თვალჭრელიძის ქუჩაზე თავიანთი საცხროვრებელი კორპუსიდან გამოსახლებისას დააკავეს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ისინი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული კიდევ ორი პირი, რომელიც გამოსახლებისას დააკავეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5000-5000 ლარით დაააჯარიმა თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტები, დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე.
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული 4 აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი, ელენე გაბელაია, მარიამ მეყანწიშვილი და სოფო მარკოზია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი საქმეების განხილვა 5 და 6 აგვისტოს გაგრძელდება.
24 ივლისს თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას ადმინისტრაციული წესით ჯამში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე გამოსახლებული ადამიანების მხარდასაჭერად ადგილზე მისული აქტივისტები.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პარალელურად დაკავებული მოქალაქეების ნაწილს დაზიანებები აღენიშნებათ. ადვოკატების ინფორმაციით, რომლებმაც ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოინახულეს, პოლიციელები მათ შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ შენობა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს, სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. მათივე განცხადებით, მისამართზე მუდმივად 39 ოჯახი ცხოვრონდა, მათგან 58 პირს დევნილის სტატუსი აქვს, ხოლო 53 ოჯახს დაკავებული ჰქონდა ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობდნენ.
