საზოგადოება

პარიზში რუსულმა ცენტრმა ფიროსმანი „რუს-ქართველ“ მხატვრად მოიხსენია, რაც საქართველოს საელჩომ გააპროტესტა

17 მაისი, 2022 • 1986
პარიზში რუსულმა ცენტრმა ფიროსმანი „რუს-ქართველ“ მხატვრად მოიხსენია, რაც საქართველოს საელჩომ გააპროტესტა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრმა ნიკო ფიროსმანს „რუს-ქართველი“ მხატვარი უწოდა, რაც საქართველოს საელჩომ „კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმად“ შეაფასა.

რუსული კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და ინსტაგრამ-გვერდზე 13 მაისს გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც ნიკო ფიროსმანის დაბადების 160-ე საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და სადაც ფიროსმანი მოხსენიებულია, როგორც „რუს-ქართველი“ მხატვარი.

საქართველოს საელჩომ პარიზში 17 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს:

„გამორჩეული ქართველი პრიმიტივისტის, მსოფლიო ნაივური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის, ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაგებია, მისი 160 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები. ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით „რუს-ქართველი““.

საელჩო აცხადებს, რომ ნიკო ფიროსმანი არის ქართველი მხატვარი, „ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განუმეორებელი ნიჭით დაჯილდოებული ხატავდა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების სცენებს“.

„ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა, რაც კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს“, – აცხადებს საელჩო.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი არის თეა კატუკია, რომელიც ამავდროულად არის იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი