ახალი ამბები

ჰუსიტებმა კიდევ ერთ ამერიკულ გემს ესროლეს რაკეტები

19 იანვარი, 2024 • 1793
ჰუსიტებმა კიდევ ერთ ამერიკულ გემს ესროლეს რაკეტები

ჰუსიტებმა (ჰუთები) კიდევ ერთ ამერიკულ გემს ესროლეს რაკეტები.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰუსიტებმა ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს M/V Chem Ranger-ის მიმართულებით, რაც ამ კვირაში მესამე თავდასხმაა შეერთებული შტატების კუთვნილ გემზე. რაკეტები გემს არ მოხვედრია და მის მახლობლად, წყალში ჩაეშვა.

მორიგ გემზე სარაკეტო იერიშს რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა აშშ-ის სამხედრო დარტყმების ახალი რაუნდი იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებაზე.

CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს აღიარა, რომ შეერთებული შტატების იერიშმა ვერ შეაფერხა ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში, რომელიც, მისი თქმით, შეჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისრაელი დაასრულებს ომს ღაზაში. თუმცა პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა „შეძლო ჰუსიტების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება“.

”ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჰუსიტები დაუყოვნებლივ შეჩერდებიან”, — თქვა მან.


12 იანვარს, გამთენიისას აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ მასშტაბური შეტევა მიიტანეს ჰუსიტების 30-მდე ობიექტზე, რასაც აშშ-ის კონგრესში ბაიდენის მიმართ კრიტიკა, ჰუსიტებისგან და ირანისგან მუქარა, იემენში კი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს დარტყმები პასუხია ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტების შეტევებზე, რაც მათ 19 ნოემბრიდან მოყოლებული, წითელ ზღვაში ხომალდებზე განახორციელეს. აშშ-ის ინფორმაციით, ჰუსიტებმა 28-ჯერ მიიტანეს მსგავსი დარტყმები გემებზე.

იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა გმობს ჰუსიტებს, რადგან ისინი რამდენიმეწლიანი სამოქალაქო ომის ფონზე ქვეყანას ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ითრევენ.

ირანი უარყოფს მონაწილეობას ჰუსიტების თავდასხმებში და დასავლეთის მხრიდან შეტევას დაჯგუფებაზე მიიჩნევს იემენის ტერიტორიული მთლიანობის რღვევად.

ჰუსიტები იემენის უმცირესობაში მყოფი შიიტი მუსლიმების შეიარაღებული დაჯგუფებაა. ისინი, „ჰამასთან” და „ჰეზბოლასთან” ერთად, თავს მიიჩნევენ ირანისგან მართული „წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილად, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისრაელს, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთს.

ჰუსიტები იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. ღიად აცხადებენ, რომ ღაზის მხარდასაჭერად გაანადგურებენ ისრაელისკენ მიმავალ გემებს. მათგან მომავალი საფრთხე იმდენად დიდია, ამ მთავარ სავაჭრო გზაზე გადამზიდმა კომპანიებმა ცურვა შეწყვიტეს, რასაც თავის მხრივ ეკონომიკური ზარალი მოჰყვა და გაჩნდა შიშიც, რომ ეს ნავთობზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი