ახალი ამბები

ვინ არიან ჰუსიტები, რომლებიც წითელ ზღვაში გემებს უტევენ

7 მარტი, 2024 • 2596
ვინ არიან ჰუსიტები, რომლებიც წითელ ზღვაში გემებს უტევენ

რამდენიმე თვეა, წითელ ზღვაში გემებს აქტიურად უტევენ ჰუსიტები (ჰუთები) — ამ გზით ისინი პალესტინელებს უცხადებენ  სოლიდარობას  ღაზაში მიმდინარე ომში .

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის საპასუხოდ ჰუსიტებმა დაიწყეს დრონების და რაკეტების გაშვება ისრაელის მიმართულებით. მათი უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოყარა.

გემებზე თავდასხმები 2023 წლის ნოემბრიდან დაიწყო და მიმდინარე კვირას პირველად მოჰყვა მსხვერპლი — ჰუსიტების სარაკეტო იერიშს საბერძნეთის საკუთრებაში არსებულ, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემ True Confidence-ზე სამი მეზღვაური შეეწირა, 4-მა მძიმე დამწვრობა მიიღო.

გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ იემენში, ჰუსიტების ბაზებზე.

რა შედეგები აქვს ჰუსიტების თავდასხმებს?

Reuters-ის ცნობით, ჰუსიტების თავდასხმებმა შეაფერხა გლობალური გადაზიდვები, აიძულა ფირმები, შეეცვალათ მარშრუტი უფრო გრძელი და ძვირადღირებული მოგზაურობისკენ სამხრეთ აფრიკაში. წითელ ზღვაში შვიდდღიანი მოგზაურობის დაზღვევის ღირებულება ასობით ათასი დოლარით გაიზარდა.

მიუხედავად სამხედრო დაჯგუფების განცხადებისა, რომ თავს დაესხმება გემებს, რომლებიც დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოსთან, შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან, გემების ინდუსტრიის წყაროები ამბობენ, რომ ყველა გემი შეიძლება იყოს რისკის ქვეშ.

ამას ადასტურებს ბოლო თავდასხმაც. True Confidence ეკუთვნის ლიბერიაში რეგისტრირებულ კომპანია True Confidence Shipping-ს და გემს მართავს საბერძნეთში დაფუძნებული Third January Maritime. ორივე კომპანიის ერთობლივი განცხადებით, გემს შეერთებულ შტატებთან კავშირი არ აქვს. თუმცა, Associated Press-ის თანახმად, გემი წარსულში ეკუთვნოდა აშშ-ში დაფუძნებულ Oaktree Capital Management-ს.

გარდა გემებისა, შიშობენ პოტენციურ საფრთხეზე, რომელიც ჰუსიტებმა შესაძლოა, სატელეკომუნიკაციო სისტემებს შეუქმნან. წითელი ზღვის ფსკერზე გადის თექვსმეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომლებიც საერთაშორისო ინტერნეტ მონაცემთა ტრაფიკის 17%-ს შეადგენენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ ჰუსიტებთან დაკავშირებულმა Telegram-ის არხმა გამოაქვეყნა წითელი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელების რუკა. სურათს თან ახლდა შეტყობინება: „როგორც ჩანს, იემენი სტრატეგიულ ადგილასაა, რადგან მის მახლობლად გადის ინტერნეტ ხაზები, რომლებიც აკავშირებენ არა მხოლოდ ქვეყნებს, არამედ მთელ კონტინენტებს“.

იემენის გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობასთან დაკავშირებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა არ გამორიცხეს, რომ მეამბოხეები გეგმავენ დივერსიას წითელ ზღვაში წყალქვეშა კაბელების ქსელზე.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა 4 წყალქვეშა კაბელის გადაჭრის შესახებ. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მიზეზს იკვლევდნენ, ჰუსიტებმა კი კაბელების დაზიანებასთან კავშირი უარყვეს.

ვინ არიან ჰუსიტები?

ჰუსიტები იემენის უმცირესობაში მყოფი შიიტი მუსლიმების, ზაიდების შეიარაღებულ პოლიტიკურ და რელიგიურ დაჯგუფებას წარმოადგენენ.

ჰუსიტების ან „ანსარ-ალაჰის“ („ღვთის პარტიზანები“) სახელით ცნობილი ჯგუფი გაჩნდა 1990-იან წლებში. ჰუსიტების დაჯგუფებას სახელი ეწოდა მოძრაობის გარდაცვლილი დამფუძნებლის, ჰუსეინ ალ-ჰუთის მიხედვით. ამჟამინდელი ლიდერი მისი ძმა აბდულ მალიქ ალ-ჰუთია.

2000-იანი წლების დასაწყისში ჰუსიტები მონაწილეობდნენ იემენის ავტორიტარი პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ აჯანყებების სერიაში, რათა მიეღოთ ფართო ავტონომია ჩრდილოეთ იემენში.

მათ დაიკავეს სანა და დაამყარეს კონტროლი იემენის დიდ ნაწილზე ჩრდილო-დასავლეთით, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა კი ადენში გადავიდა.

ჰუსიტები, „ჰამასთან” და „ჰეზბოლასთან” ერთად, თავს მიიჩნევენ ირანისგან მართული „წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილად, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისრაელს, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი