ახალი ამბები

გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სიტყვით მხარეები სასამართლოში 26 თებერვალს წარდგებიან

15 იანვარი, 2024 • 784
გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სიტყვით მხარეები სასამართლოში 26 თებერვალს წარდგებიან

7-8 მარტის აქციების მომაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 თებერვალს გაიმართება. სხდომის თვეზე მეტი ხნით გადადების გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, მორიგი პროცესის ასე გვიან დანიშვნის მიზეზად მოსამართლემ დატვირთული გრაფიკი დაასახელა, თუმცა დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სინამდვილეში პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად:

„ზოგადად, პროცესი ჭიანურდებოდა. წინა პროცესზე ჩვენ ბრალდების მხარეს ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გავუხადეთ, რაც, რა თქმა უნდა, სწრაფ მართლმსაჯულებას ემსახურებოდა. დღეს ჩვენი მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა დაცვის მხარემ, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მოგვეხსნა მოწმეები დასაკითხთა სიიდან. რაც შეეხება დასკვნით სიტყვებს, ჩვენ გვინდოდა დროულად დაგვესრულებინა პროცესი, მაგრამ მოსამართლემ დატვირთული გრაფიკი მოიმიზეზა და შემდეგი სხდომა 26 თებერვალს დანიშნა“, — აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი.

მისი თქმით, მომდევნო სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს. გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლაზარეს გაამტყუნებს, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ბერკეტ გამოიყენებს, მათ შორის, მიმართავენ სააპელაციო სასამართლოსაც.

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას:

„რა თქმა უნდა, აჭიანურებენ. 17 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო პროცესი და ასე წელავენ, რომ დასაჯონ ლაზარე. განაჩენი რომ იქნება, ნაბიჯები ხომ უნდა გადავდგათ, იქნება ეს შეწყალება თუ გასაჩივრება, ამ ყველაფერს ხომ დრო უნდა…“, — ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი