ახალი ამბები

არავის მისცეთ უფლება ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, შეგვიცვალოს – ზურაბიშვილი ახალგაზრდებს

14 იანვარი, 2024 • 874
არავის მისცეთ უფლება ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, შეგვიცვალოს – ზურაბიშვილი ახალგაზრდებს

დღეს, 14 იანვარს, ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საზოგადოებას ორბელიანების სასახლიდან მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა მხოლოდ მატერიალური სიმბოლო არაა და ერთიანობის გამოხატულებაა. ამიტომ მისი თქმით, ყველას ევალება დროშის პატივისცემა და ყველა უნდა გრძნობდეს იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს.

„სიამაყე, სიხარული, იმედი – ეს არის ის განცდები, რომელიც მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ამ დროშის შემოსვლას და ღმართვას ვუყურებთ. ეს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს სიმბოლო არის: ჩვენი სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის, იმის, რისთვისაც ძალიან დიდხანს ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემი ყოფილიყო და ჩვენთვის წარმოადგენდეს სწორედ ხვალინდელი დღის იმედს.

დროშა არის ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, ის, რაც საქართველო იყო და იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება. მე მინდა, რომ ეს ახალგაზრდებს ვუთხრა – ეს არ არის მხოლოდ მატერიალური სიმბოლო, დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს, მისი ღირებულებები, მისი იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლა წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ახალგაზრდებ მიმართა, რომ ამ დროშის ქვეშ არსებული ფასეულობების შეცვლის და საქართველოდან სხა სურათის გატანის უფლება არავის მისცენ.

„ჩვენ ყველანი ვართ ძალიან ამაყი, როცა ვუყურებთ ჩვენს სპორტსმენებს უცხოეთში, როცა გამარჯვებულები უყურებენ, როგორ აღიმართება ქართული დროშა. მართლაც, მადლობა მათ, რომ ამ ფორმით და ამ კუთხით წარმოადგენენ საქართველოს.

ჩვენ ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი ძლიერი ერთიანობა.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ სადაც საჭირო იქნება. ყოველთვის ამ ქვეყნის სუვერენობის გარანტები იქნებიან ისინი, ამისთვის ჩვენი პატივისცემა და მადლიერება.

ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა ამდენად არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია.

მე მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ ეს დროშა უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი. თქვენ ყველას გესმით დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.

ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რესპუბლიკის გამოცხადება, ისე დევნილობა და ხელახალი დამოუკიდებლობა.

როგორ იქმნებოდა საქართველოს დროშები, რა გზა გაიარეს მათ, ნახეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი