ახალი ამბები

აშშ “ჰუსიტებზე” დარტყმებს აგრძელებს, იემენი პროტესტის ტალღამ მოიცვა

13 იანვარი, 2024 • 1516
აშშ “ჰუსიტებზე” დარტყმებს აგრძელებს, იემენი პროტესტის ტალღამ მოიცვა

13 იანვრის ღამეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი დარტყმები განახორციელა “ჰამასის” მხარდამჭერი “ჰუსიტების” ობიექტებზე იემენში.

“ჰუსიტების” შეიარაღებული დაჯგუფება აცხადებს, რომ იემენის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს შეტევები დასჯისა და პასუხისგების გარეშე არ ჩაივლის. განახლებულ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე BBC ავრცელებს.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მოუწოდებს მხარეებს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, თავი აარიდონ მდგომარეობის მეტად ესკალაციას.

12 იანვარს გამთენიისას აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ პირველად განახორციელეს მასშტაბური შეტევა “ჰუსიტების” 30-მდე ობიექტზე, რასაც აშშ-ს კონგრესში ბაიდენის მიმართ კრიტიკა, “ჰუსიტებისგან” და ირანისგან მუქარა, იემენში კი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს დარტყმები პასუხია ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტების შეტევებზე, რაც მათ ნოემბრიდან მოყოლებული, წითელ ზღვაში ხომალდებზე განახორციელეს.

“ჰუსიტები” იემენის უმცირესობაში მყოფი შიიტი მუსლიმების შეიარაღებული დაჯგუფებაა. ისინი, “ჰამასთან” და “ჰეზბოლასთან” ერთად, თავს მიიჩნევენ ირანისგან მართული “წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილად, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისრაელს, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთს.

“ჰუსიტები” იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. ღიად აცხადებენ, რომ ღაზის მხარდასაჭერად, ისრაელისკენ მიმავალ გემებს გაანადგურებენ და დაიწყეს კიდეც თავდასხმები წითელ ზღვაში გემებზე. მათგან მომავალი საფრთხე იმდენად დიდია, ამ მთავარ სავაჭრო გზაზე გადამზიდმა კომპანიებმა ცურვა შეწყვიტეს, რასაც თავის მხრივ ეკონომიკური ზარალი მოჰყვა და გაჩნდა შიშიც, რომ ეს ნავთობზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

მთავარ ფოტოზე: იემენი, 12 იანვარი. პროტესტის მონაწილეები აშშ-სა და ისრაელის დროშებს წვავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი