ახალი ამბები

დღეს და ხვალ სამებაში ჟურნალისტების დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება – საპატრიარქო

10 იანვარი, 2024 • 970
დღეს და ხვალ სამებაში ჟურნალისტების დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 10-11 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელებები შესაბამისი აკრედიტაციით დაიშვებიან.

„გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.


სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, შუშის ჩარჩოში ჩასმულ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული.

სამების საკათერდო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე 9 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყებამ “სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში”.ეს მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი