ახალი ამბები

მთავრობა გეგმავს, 1000-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცეს

8 იანვარი, 2024 • 911
მთავრობა გეგმავს, 1000-მდე ოჯახს  საცხოვრებელი ფართები გადასცეს

მთავრობა გეგმავს, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადასცეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 8 იანვარს, გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-ამდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 მლნ ლარს შეადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

მათივე განმარტებით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

მასალების გადაბეჭდვის წესი