მოქალაქეების ნაწილი ითხოვს, რომ ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ცათამბჯენები არ აშენდეს და ამ მიზნით პეტიციაც შექმნეს.
პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მოიწონა საპროექტო იდეა მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები ჯერ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, განხილული.
პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ საპროექტო იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეებს:
„მასშტაბური განაშენიანება, რომელიც ორი ცათამბჯენისგან შედგება, სრულიად შეუთავსებელია თბილისის ისტორიულ ნაწილთან და საბოლოოდ გაანადგურებს ქალაქის ისტორიულ ქსოვილს. “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნება კი ვერ დააბალანსებს თბილისის ისტორიული ნაწილისკენ მიმართულ ამ საფრთხეს.
მშენებლობის მასშტაბს არ ეთანხმება თავად კერძო პირის მიერ წარმოდგენილი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაც. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დაგეგმილი 1000 საცხოვრებელი ერთეულის, პარკინგისა და კომერციული სივრცეების სრული დატვირთვით ამუშავება, პრაქტიკულად, აღარ ტოვებს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტით ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
ხელმომწერები მოუწოდებენ თბილისის მერიას, უარი თქვას წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვაზე და გეგმარებითი დავალების გაცემაზე. საკრებულოს კი მოუწოდებენ, არ დაუშვას განაშენიანების გეგმის შეთანხმება და ურბანული რეგულაციებიდან მოთხოვნილი გამონაკლისების დაშვება.
თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.
მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ატვირთეს, მასზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
განაცხადის თანახმად, დამკვეთი შპს “კოსტავას 69” ითხოვს, რომ მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შეუთანხმოს. თუ ეს ასე მოხდა, კომპანიას სხვა პროცედურების გავლაც მოუწევს და შემდეგ შესაძლებლობა მიეცემა, ქალაქის ცენტრში ორ-კოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს.
კომპანია „კოსტავას 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.
ვრცლად წაიკითხეთ: ლაგუნა ვერეს გვერდით „ქართუ“ 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს