ახალი ამბები

20 ივნისის აქციაზე დაშავებულ კაცს სასამართლომ უარი უთხრა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე

9 აგვისტო, 2023 • 4373
20 ივნისის აქციაზე დაშავებულ კაცს სასამართლომ უარი უთხრა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე

გიორგი სულაშვილს, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, სასამართლომ უარი უთხრა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე.

გიორგი სულაშვილის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა გუშინ, 8 აგვისტოს, მიიღო.

გიორგი სულაშვილის თქმით,  20-21 ივნისის მოვლენების შედეგად შრომისუნარიანობა შეუმცირდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა და მისთვის მხოლოდ 20 000-ლარიანი კომპენსაცია განსაზღვრა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი სულაშვილი იმ გზაზე საუბრობს, რაც მან 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე გაიარა. ნეტგაზეთი, სულაშვილის თანხმობით, მის პოსტს ავრცელებს.

„ზოგს ჰგონია, რომ მე თვალი მაქვს (ნეტა მქონდეს). ეს რომ მოხდა, 27 წლის გახლდით. ვიყავი 20ივნისის მშვიდობიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილე და არც კი მიცდია, რომ პარლამენტში შტურმით ან ძალადობრივი ძალით შევსულიყავი. ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს და წარდგენილი მაქვს სასამართლოსთვის. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მე, გიორგი სულაშვილი ვიყავი მშვიდობიანი დემონსტრანტი. ჩემ მიმართ გამოყენებული ძალა, მით უმეტეს, სიცოცხლისთვის საშიში ფორმით ვერ იქნებოდა ვერც პროპორციული და ვერც ლეგიტიმური“, – წერს გიორგი სულაშვილი.

გიორგი სულაშვილის თქმით,  2019 წლის ივნისს  პოლიციელებმა მას სახეში რეზინის ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც შემდეგი დაზიანებები მიიღო:

  • ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა
  • ქალა- ტვინის დახურული ტრავმა
  • სახის ნაფლეთოვანი ჭრილობები,დაჩირქება და ინფექცია
  • თვალის კაკლის მოწყვეტა
  • თვალის კაკლის დეგენერაცია
  • მეორე თვალში მხედველობის გაუარესება
  • პირველი ოპერაცია 2019 წლის 21 ივნისს ჩამიტარდა

გიორგი სულაშვილის თქმით, ამის შემდგომ  5-ზე მეტი კომბინირებული ოპერაცია ჩაუტარდა:

  • ოპერაცია სახის ძვლების აღდგენის მიზნით, ჰაიმორიტის ღრუს ,ცხვირის და ნაფლეთოვანი ჭრილობის გასწორება
  • ოპერაცია ყურის ხრტილის ამოღება და ხახის ხორცის ამოღება თვალ-ბუდის შესაქმნელად (რომელსაც პროთეზი უნდა დაეჭირა)
  • ოპერაცია ყურის ხრტილის და მუცლიდან ღეროვანი უჯრედების აჭრა, ეს ოპერაცია 2-ჯერ ჩამიტარდა -ისევ თვალბუდის მოსამზადებლად, რადგან არ იყო ხორცი თვალში, რომ პროთეზი დაეჭირა.
  • ოპერაცია თვალის ქვედა ქუთუთოს კონსტრუქცია (რადგან ქვედა ქუთუთოც არ მქონდა) და თვალის ხელოვნური ჭრილის
    შექმნა (არც ეს მქონდა).

მისი სამედიცინო დოკუმენტებიდან და სამხარაულის ექსპერტიზიდან ამოკრებილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გიორგი სულაშვილი ამ შემთხვევის ფიზიკურ ეფექტზე საუბრობს.

  • ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა
  • მეორე თვალში მხედველობის გაუარესება
  • პერმანენტული თავის ტკივილი
  • კიდურების, სახსრების ტკივილი
  • ძილის მკვეთრი დარღვევა, ფაქტიურად არ მძინავს
  • მუდმივი დაღლილობა
  • ენერგიის არქონა
  • კონცენტრაციის დაკარგვა
  • მეხსიერების პრობლემები
  • შრომისუნარიანობის დაკარგვა
  • წონის მატება 40კგ

სულაშვილის თქმით, ექიმმა  ფიზიკური დატვირთვაც აუკრძალა.

„ტკივილგამაყუჩებელი და საძილე, ფსიქოტროპული აბების ცხოვრების ბოლომდე მიღება დამენიშნა, რადგან დღემდე ვერ ვუმკლავდები ჩემით შეტევებს და იძულებული ვარ მედიკამენტების ქვეშ ვიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის შევძლო მამობის შეძლებისდაგვარი გაწევა“, – აცხადებს გიორგი სულაშვილი.

გიორგი სულაშვილი ფსიქოლოგის დასკვნაზე დაყრდნობით ამ შემთხვევის ფსიქოლოგიურ ეფექტზეც საუბრობს:

  • PTSD-ის (პოსტ-ტრავმული აშლილობის) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
  • სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებადი აზრების ინტრუზიები
  • ძლიერი მწვავე რეაქციები
  • ძლიერი ნეგატიური გრძნობები
  • უიმედობა
  • დაუცველობა
  • შეზღუდული კონტაქტები, გარიდება
  • ანჰედომია-სიამოვნების უნარის დაკარგვა
  • არასრულფასოვნების განცდა
  • პასიური სუიციდური აზრები.

ამასთან, როგორც გიორგი სულაშვილი ამბობს,  ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა შრომისუნარიანობის მკვეთრად შემცირების ფაქტი.

„ჩატარდა გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით ექსპერტიზაც, რომლითაც ასევე დადასტურდა უმძიმესი ფსიქოლოგიური ტანჯვა (ეს ყველაფერი მოსამართლეს ჰქონდა).

მოულოდნელად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდეგ კი თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად.  მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე. საბოლოოდ, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც მან უარი თქვა დასახიჩრებული პირის შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე, არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად.

ზემოხსენებული თანხა მხოლოდ მედიკამენტები რომ მქონდეს, იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია,  რომ ჩემს საქმეზე სამართლიანობა აღდგეს, რადგან ზემოხსენებული ფაქტებიდან არცერთი არ იქნა მოსამართლის მიერ გათვალისწინებული.

31 წლის ასაკში 60 წლის ადამიანს დავემსგავსე. მადლობა, ქოცებო და საქართველოს სასამართლო ამისთვის! მადლობა ჩემი უფუნქციოდ დატოვებისთვის“, – წერს გიორგი სულაშვილი სოციალურ ქსელში.


2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ  ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი