ხვალ, 28 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
მომხსენებელი თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ოთარ ჩიტიძეა. კომისიის შემდეგ საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, საბა ბუაძემ („ლელო“) და ლილე ლიპარტელიანმა („ნაციონალური მოძრაობა“) დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და საკრებულოს „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, პროექტი უკან გაიწვიონ.
„ივანიშვილის და კალაძის ხელით თბილისში გრძელდება ურბანული გენოციდი. საკრებულოს სხდომაზე დაგეგმილია ყოფილი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე უზარმაზარი პროექტის დამტკიცება. ამ პროექტს აქვს პრობლემები სატრანსპორტო თვალსაზრისით — გმირთა მოედანი დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის უკიდურესად გადატვირთული და აქ ამ მოცულობის მშენებლობის წარმოება დაუშვებელია. ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით, ამ პროექტის განხორციელება წარუშლელ ზიანს მიაყენებს ქალაქის ისტორიულ ნაწილს. რაც ყველაზე მთავარია, ეს შენობა მდებარეობს მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემურ კალაპოტში, სადაც 2015 წლის სტიქიის დროს, წყალმოვარდნის ყველაზე ძლიერი ნაწილი დაფიქსირდა“, — განაცხადა საბა ბუაძემ.
ლილი ლიპარტელიანის თქმით, თბილისის მერიამ „კატასტროფული სიჩქარით განიხილა“ ლაგუნა ვერეს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის დამტკიცების საკითხი.
„მერიამ და კალაძემ, რომელსაც ფორმალურად ჰქვია თბილისის მერი და თბილისის მტერია რეალურად, ივანიშვილისთვის სარგებლის მიღების მიზნით, პროექტი გადააგზავნა საკრებულოში დადებითი რეკომენდაციით. ეს ტერიტორია არის ისტორიული დაცვის და რეგულირების ზონაში. ეს პროექტი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს, გენგეგმის პრინციპებს, წყალდაცვითი რეგლამენტის შესახებ კანონს“, — განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას, ორ-კოშკიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართუ“ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ცათამბჯენების აშენებას გეგმავდა, თავდაპირველად 2023 წლის იანვარში გავრცელდა. დაგეგმილი ცათამბჯენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე საზოგადოებისა და ასევე, ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, „ურბანული განვითარების ინსტიტუტმა“ დაწერა, რომ პროექტი „სრულიად შეუსაბამოა ქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის“.
ცათამბჯენების პროექტს ასევე გამოეხმაურა თავად თბილისის მერი, კახა კალაძეც.
„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა”, – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.
11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა ფონდმა „ქართუმ“ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გაყიდა. „ლაგუნა ვერეს“ მომავალი მფლობელი „შპს ნეო სითი დეველოპმენტია“. იმავე კომპანიამ განაცხადი შეიტანა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიისა და ასევე, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის გადაფორმების შესახებ.
„ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელი ენმ-ის ყოფილი დეპუტატი, მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დატოვა.
კომპანიამ განაცხადი შეიტანა ტერიტორიებზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ. იქ, სადაც უახლოეს მომავალში ცათამბჯენებით გაშენებულ მულტიფუნქციური კომპლექსის მოწყობას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, „ნეო დეველოპმენტმა“ ტერიტორიები უნდა იყიდოს კომპანია „კოსტავა 69-დან“.
კომპანია „კოსტავა 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.
ამ თემაზე ვრცლად:
„ქართუს“ ლაგუნა ვერესთან ცათამბჯენების აშენება კვლავ სურს – ახალი პროექტი
„ლაგუნა ვერესთან“ ცათამბჯენების აშენების წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა