ახალი ამბები

რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ამბასადორიალზე — დარჩიაშვილის განმარტება

26 დეკემბერი, 2023 • 1024
რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ამბასადორიალზე — დარჩიაშვილის განმარტება

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე.

მისი თქმით, წელს ელჩების კონფერენცია “იყო აწყობილი ლოგიკით”, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისულფების ორი შტო — მთავრობა და პარლამენტი მუშაობდნენ. ამიტომ, მისი, თქმით, სწორედ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდნენ სიტყვით ამბასადორიალის გახსნაზე.

„შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული და არ მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში. თუმცა დღევანდელ კონფერენციას ფორმარტი ჰქონდა შემდეგი — იმის გათვალისწინებით, რომ, მთელი წელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება მთავარი და საპარლამენტო განზომილება იყო ხელისუფლების ორი მთავარი შტო, რომელიც მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი [ელჩების კონფერენციის] აწყობილი“, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციას წელსაც არ ესწრება.

2023 წლის ელჩების კონფერენცია თბილისში დღეს, 26 დეკემბერს გაიხსნა. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ელჩების კონფერენციას ასევე ესწრებიან მთავრობის წევრები, პარლამენტის და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

თუმცა, შარშანდლის მსგავსად, ელჩების კონფერენციას წელსაც არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

შარშან ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობის დარღვევა“ დაასახელეს.

26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა”.

2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი