ახალი ამბები

გამიხარდებოდა, რომ პრეზიდენტი ამბასადორიალზე მენახა — ელჩი გოჩა ჯავახიშვილი

26 დეკემბერი, 2023 • 775
გამიხარდებოდა, რომ პრეზიდენტი ამბასადორიალზე მენახა — ელჩი გოჩა ჯავახიშვილი

საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ გაუხარდებოდა პრეზიდენტის ხილვა თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე.

“ეს შედეგი[კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი და პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებული ეს მიზანი მისულიყო ბოლომდე. მე ვფიქრობ, ყველამ თავისი პოზიტიური როლი ითამაშა ამაში.

მე გამიხარდებოდა, რომ აქ მენახა [პრეზიდენტი], მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი”, — განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია. ამის შესახებ აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციას წელსაც არ ესწრება.

2023 წლის ელჩების კონფერენცია თბილისში დღეს, 26 დეკემბერს გაიხსნა. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ელჩების კონფერენციას ასევე ესწრებიან მთავრობის წევრები, პარლამენტის და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

თუმცა, შარშანდლის მსგავსად, ელჩების კონფერენციას წელსაც არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

შარშან ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობის დარღვევა“ დაასახელეს.

26-28 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა”.

2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი