შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებით, „რუსთავის აზოტი“, სადაც დღეს ერთი მუშა დაიღუპა, ორი კი დაშავდა 50 000 ლარით დააჯარიმეს და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერეს.
უწყების განცხადებით, ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს ინსპექტირების პროცესი. შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ:
„ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება. სს „რუსთავის აზოტი“-ს ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ კრიტიკული შეუსაბამობები დადგენილ იქნა და სამუშაოები შეჩერებულ იქნა 2022 წლის ივლისშიც“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2021 წელს, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ.
სამსახურში აღნიშნავენ, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად შრომის ინსპექციის სამსახურის თქმით, სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით:
„ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“ – ნათქვამია განცხადებაში.