ახალი ამბები

საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი „ოცნებამ“ სცენაზე არ აუშვა

15 დეკემბერი, 2023 • 7776
საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი „ოცნებამ“ სცენაზე არ აუშვა

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დღეს, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.

მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა და მასზე დასწრების სურვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ, 14 დეკემბერს, გამოთქვა.

თუმცა მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს სცენაზე არაფერი ესაქმებოდა, რადგან „ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო“.

მიუხედავად „ქართული ოცნების“ უარისა, პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მაინც მივიდა და ღონისძიებას მოქალაქეების რიგებში ესწრებოდა. მისვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა – „ ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას – გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს“.

მიუხედავად ამისა, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლები ისე დასრულდა, პრეზიდენტი სცენაზე არ მიუწვევიათ.

თუმცა საზეიმო ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის მისვლა არ გამორჩენია ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის, რომელიც სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო. ელჩმა თავისი სიტყვა სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან მისალმებით დაიწყო.


ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს, ოფიციალურად მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი