ახალი ამბები

EU-ს ელჩმა თავისუფლების მოედანზე ხალხს ქართულად მიმართა

15 დეკემბერი, 2023 • 1755
EU-ს ელჩმა თავისუფლების მოედანზე ხალხს ქართულად მიმართა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს ქართულ ენაზე მიმართა.

თბილისის ცენტრში საზეიმო ღონისძიება ხელისუფლებამ დაგეგმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სცენასთან ახლოს, ხალხში იდგა.

ევროკავშირის ელჩმა თავისი მიმართვა სწორედ პრეზიდენტისადმი მისალმებით დაიწყო:

მოგესალმებით,

ქ-ნო პრეზიდენტო,

ბატონო პრემიერო,

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

პოლიტიკურო ლიდერებო,

ბატონო მერო,

ბატონო ელჩებო,

ძვირფასო საზოგადოებავ,

გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა!

ევროკავშირის ოცდაშვიდმა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც აქ და ახლა, მე მესმის თქვენი.

დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია – ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის – ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.

ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.
ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.

კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?”
წინ, საქართველო, წინ!“


ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს, ოფიციალურად მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი