ახალი ამბები

თავისუფლების მოედანზე, ხელისუფლების საზეიმო ღონისძიებაზე, პრეზიდენტიც მივიდა

15 დეკემბერი, 2023 • 1803
თავისუფლების მოედანზე, ხელისუფლების საზეიმო ღონისძიებაზე, პრეზიდენტიც მივიდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა საზეიმო ღონისძიებას, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნად იმართება.

ღონისძიების ორგანიზატორი ხელისუფლებაა. წინასწარვე ითქვა, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციონერებს აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ მისცემენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს „მნიშვნელოვანი არ არის“.

„ხალხი არის აქ“, — უთხრა მან ჟურნალისტებს, როდესაც თავისუფლების მოედანზე, ხალხში გაერია.

სალომე ზურაბიშვილი სცენასთან ახლოს მივიდა და თქვა: „ხომ უნდა ვიყო ახლოს, ვინიცობაა და დამიძახონ“.

კითხვაზე, რატომ შეუერთდა აღნიშნულ ღონისძიებას, მან უპასუხა:

„იმიტომ, რომ მიხარია, როგორც თითოეულ ქართველს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ ევროპასთან“.

მისივე შეფასებით, „ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხმა მოისმინეს.“

პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს არის ზეიმის დღე და თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან.

სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. მას იმპიჩმენტიც გამოუცხადეს, თუმცა თანამდებობიდან ჩამოშორება ვერ შეძლეს. იმპიჩმენტის ოფიციალური მიზეზი გახდა მთავრობის ნებართვის გარეშე მისი ვიზიტები ევროპის ქვეყნებში. პრეზიდენტი ამბობდა, რომ მისი ვიზიტები ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღების ლობირებას ემსახურებოდა, თუმცა საპირისპიროს ამბობდნენ „ოცნებაში“.

ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს, ოფიციალურად მიანიჭა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი