ახალი ამბები

ორბანმა დაბლოკა უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს დახმარება

15 დეკემბერი, 2023 • 1320
ორბანმა დაბლოკა უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს დახმარება

ევროპული საბჭოს სამიტზე უნგრეთმა დაბლოკა გადაწყვეტილება უკრაინისთვის 50 მილიარდის ევროს გამოყოფისა და ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვის შესახებ.

ამის შესახებ ორბანმა X-ზე დაპოსტა.

„ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე, ვეტო MFF-ის გადახედვაზე.
საკითხს მომავალ წელს EUCO-ში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, — დაწერა ორბანმა.

ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი ან მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF) ითვალისწინებს პროგრამებისა და ქმედებების დაფინანსებას პოლიტიკის ყველა სფეროში, ევროკავშირის გრძელვადიანი პრიორიტეტების შესაბამისად. მიმდინარე MFF მოიცავს 2021-2027 პერიოდს. ვადამდე ადრე გადახედვის საკითხი დღის წესრიგში დადგა უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული კრიზისებიდან გამომდინარე. 2023 წლის ივნისში ევროკომისიამ წარადგინა სამი საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირის ბიუჯეტის გასაძლიერებლად. გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევრო უნდა მოხმარებოდა უკრაინას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა და თქვა, რომ დისკუსიები გაგრძელდება, მათ შორის ის მოამზადებს მომავალ სამიტს 2024 წლის დასაწყისში.

ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში  14-15 დეკემბერს იმართება.

სამიტის პირველ დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები უკრაინის, გაფართოებისა და რეფორმების შესახებ.

სამიტამდე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ორბანს მხარი არ დაუჭერია, მაგრამ არც დაუბლოკავს გადაწყვეტილებები გაფართოების საკითხზე. კენჭისყრისას ის ოთახიდან გავიდა, რათა დარჩენილი 26 სახელმწიფოს ლიდერს გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღება შეძლებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი