ახალი ამბებიკომენტარი

CRRC საქართველო NDI-ის კვლევებთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს

13 დეკემბერი, 2023 • 1639
CRRC საქართველო NDI-ის კვლევებთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს

რატომ არ ემთხვევა NDI-ის პარტიული რეიტინგები არჩევნების შედეგებს არასდროს? როგორ ხდება რესპონდენტების შერჩევა გამოკითხვაში?

CRRC საქართველო, რომელიც NDI-ისთვის კვლევებს ამზადებს, რამდენიმე კითხვას/კრიტიკას პასუხობს, რომელიც ორგანიზაციის განცხადებით, როგორც წესი, მათი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ ხდება ხოლმე აქტუალური. ნეტგაზეთი CRRC-ის მიერ მომზადებულ “ხშირად დასმულ კითხვებს” და მათზე გაცემულ პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

როგორ ხდება რესპონდენტების შერჩევა გამოკითხვაში?

რესპონდენტის შერჩევის სხვადასხვა გზა არსებობს. CRRC-საქართველო გამოკითხვებში ძირითადად შემდეგ ორ გზას მიჰყვება და ორივე გზა ალბათური შერჩევის მეთოდს განეკუთვნება:

ა) პირისპირ გამოკითხვის შემთხვევაში, რესპონდენტების შერჩევა მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული კლასტერული შერჩევის მეთოდით ხდება. სხვა სიტყვებით, CRRC-საქართველო პირველ რიგში ქვეყანას ჰყოფს სტრატებად დასახლების ტიპების მიხედვით (დედაქალაქი, სხვა ურბანული ტიპის დასახლებები, სოფლები, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიები), შემდეგ ეტაპზე, თითოეულ სტრატაში შემთხვევითი წესით არჩევს საარჩევნო უბნებს (კლასტერებს), თითოეულ შერჩეულ საარჩევნო უბანში შემთხვევითი წესით არჩევს ოჯახებს (შინამეურნეობებს) და თითოეულ შერჩეულ ოჯახში შემთხვევითი წესით არჩევს ზრდასრულ (18 წლის და მეტის) ადამიანს, რომელსაც ინტერვიუერი სთხოვს, რომ გამოკითხვაში მიიღოს მონაწილეობა.

ბ) სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, რესპონდენტების შერჩევა ხდება მარტივი შემთხვევითი შერჩევის წესით. სხვა სიტყვებით, CRRC-საქართველოს ინტერვიუერები შემთხვევითი წესით გენერირებულ ტელეფონის ნომრებზე რეკავენ და ასეთი ნომრის არსებობის შემთხვევაში, ზრდასრულ (18 წლის და მეტის) მოქალაქეებს სთხოვენ გამოკითხვაში მონაწილეობას.

რას ნიშნავს წარმომადგენლობითობა და როდის არის გამოკითხვა წარმომადგენლობითი?

გამოკითხვის წარმომადგენლობითობა ნიშნავს, რომ გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების მოსაზრებები მხოლოდ მათი შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ კი არ გვაძლევს ინფორმაციას, არამედ სხვა, უფრო ფართო ჯგუფის შესახებ. მაგალითად, გამოკითხვაში მონაწილეობა 2,000-მა რესპონდენტმა მიიღო. შესაძლებელია ამ 2,000 ადამიანის პასუხების და მოსაზრებების განზოგადება საქართველოს მთლიან ზრდასრულ მოსახლეობაზე (2,887,608 ადამიანი).
ზრდასრული მოსახლეობის გამოკითხვა წარმომადგენლობითია იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტების შერჩევა ალბათური წესის მიხედვით ხორციელდება. სხვა სიტყვებით, ზრდასრული მოსახლეობის ყველა წევრს აქვს გამოკითხვაში მოხვედრის შანსი (ნულისგან განსხვავებული ალბათობა).

რატომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც არასდროს გამოუკითხავთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში?

CRRC-საქართველო სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დაახლოებით 20,000 ადამიანს გამოკითხავს ყოველ წელს, რაც საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 1%-იც კი არ არის.

დავუშვათ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველ წელს 20,000 ადამიანი გამოვკითხეთ. ასევე დავუშვათ, რომ თითოეულ გამოკითხვაში მხოლოდ უნიკალური ადამიანები მონაწილეობენ (ანუ არავინ მოხვედრილა გამოკითხვაში ორჯერ). ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში CRRC-საქართველომ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 7% გამოკითხა.

რას ნიშნავს გამოპასუხების დონე?

პირისპირ გამოკითხვის შემთხვევაში გამოპასუხების დონე არის ჩატარებული, დასრულებული და ვალიდური ინტერვიუების რაოდენობის შეფარდება ინტერვიუერების მიერ ინტერვიუს ჩატარების ყველა მცდელობის ჯამურ რაოდენობასთან (ამ უკანასკნელში იგულისხმება როგორც ჩატარებული, ასევე შეწყვეტილი ინტერვიუები, როდესაც ოჯახმა ან ოჯახში შერჩეულმა პოტენციურმა რესპონდენტმა უარი განაცხადა ინტერვიუზე, როდესაც ინტერვიუერმა რესპონდენტი მიღებული ინსტრუქციის დარღვევით გამოკითხა, როდესაც გამოკითხვის მეთოდოლოგიის შესაბამისად შერჩეულ ოჯახში ინტერვიუერის ვიზიტის დროს არავინ იმყოფებოდა და ა.შ.).

მაგალითად, თუ რომელიმე გამოკითხვის ფარგლებში 2,000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო გამოპასუხების დონეა 25%, ეს ნიშნავს, რომ ინტერვიუერების მიერ ინტერვიუს ჩატარების სულ 8,000 მცდელობა იყო.

რას ნიშნავს დაბალი გამოპასუხების დონე და გვაძლევს თუ არა ეს გამოკითხვის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს?

გამოპასუხების დონე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა, არა – გადამწყვეტი. როდესაც დაბალი გამოპასუხება ფიქსირდება, მისი შედეგების აღმოსაფხვრელად საველე სამუშაოები ხანგრძლივდება და ხარჯები იზრდება.

თეორიულად შეიძლება, არსებობდეს სისტემური მიკერძოება. სხვა სიტყვებით, შესაძლებელია, რომ გარკვეული ტიპის ადამიანები უფრო მეტად ამბობდნენ უარს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, ვიდრე დანარჩენები. თუმცა (1) არ გვაქვს საფუძველი, მივიჩნიოთ, რომ ასე ხდება და (2) რესპონდენტების შემთხვევითი წესით შერჩევა და საქსტატის მონაცემების მიხედვით წონების გამოყენება ამ პრობლემას გარკვეულწილად აღმოფხვრის.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემური მიკერძოების არც დასადასტურებლად და არც გამოსარიცხად არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, მხოლოდ გამოპასუხების დონე არ არის გამოკითხვის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საკმარისი საფუძველი.

რატომ შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში პარტიული რეიტინგები არჩევნებში მიღებულ პროცენტებს?

პირველი, CRRC-საქართველოს მიზანი, როგორც წესი, არ არის არჩევნების შედეგის გამოცნობა. სწორედ ამიტომაა, რომ კითხვის ფორმულირება ხშირად ასეთია: “რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?”

სავსებით მოსალოდნელია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ამ კითხვაზე პასუხობდეს “არცერთი”, ხოლო არჩევნებზე მიდიოდეს და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აძლევდეს ხმას.

მეორე, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია, რაც ნიშნავს, რომ 2.8 მილიონი ადამიანის შეხედულებებზე და განწყობებზე ვსაუბრობთ. ხოლო არჩევნებში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანით ნაკლები მონაწილეობს ხოლმე. მაგალითად, 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობა 1.8 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო. აქედან გამომდინარე, ხშირად სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საზოგადოებრივი გამოკითხვის ფარგლებში პარტიულ რეიტინგს ვადარებთ არჩევნების შედეგებს.

მესამე, არსებობს ალოკაციის მეთოდის გამოყენების საშუალება – გადაუწყვეტელი რესპონდენტების გამორიცხვა და ამის შემდეგ თითოეული პარტიის მხარდამჭერების პროცენტის გამოთვლა ან სხვა არაპირდაპირი კითხვების საშუალებით ადამიანის პარტიული არჩევანის გამოცნობა (მაგალითად, “რომელ ტელეარხს ენდობით ყველაზე მეტად?”, “როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო?” და ა.შ). თუმცა ალოკაცია ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ დაშვებებს და იზრდება მკვლევრის სუბიექტური გადაწყვეტილებების როლი (მაგ. რომელ ირიბ კითხვას შეარჩევს ალოკაციისთვის). აქედან გამომდინარე, CRRC-საქართველო ალოკაციას ამ ეტაპზე არ აკეთებს და მხოლოდ ნედლ მონაცემებს ასაჯაროებს.

მეოთხე, საზოგადოებრივი აზრი და განსაკუთრებით მოსახლეობის პარტიულ-პოლიტიკური პრეფერენციები საკმაოდ მგრძნობიარეა მიმდინარე მოვლენებისა და მოკლევადიანი შოკების მიმართ. მეტიც, არჩევნებიდან თუნდაც რამდენიმე თვით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების არჩევნებზე გამეორების მოლოდინი საერთოდ გამორიცხავს კამპანიის ეფექტს და გულისხმობს, რომ ადამიანმა წელსვე იცის, ვის მისცემს ხმას ერთი წლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი