ახალი ამბები

გაერომ ღაზაში „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე“ რეზოლუცია მიიღო

13 დეკემბერი, 2023 • 593
გაერომ ღაზაში „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე“ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მოწოდებით, ღაზის სექტორში დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 153-მა ქვეყანამ, 23-მა შეიკავა თავი. წინააღმდეგ იყო მხოლოდ ათი ქვეყანა, მათ შორის, აშშ და ისრაელი, რომელთა განცხადებითაც, ცეცხლის შეწყვეტა ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ მოუტანს სარგებელს.

მსგავსი რეზოლუცია წინა კვირას გაეროს უშიშროების საბჭოშიც გაიტანეს, მაგრამ ვერ მიიღეს საბჭოს მუდმივი წევრის, აშშ-ის ვეტოს გამო, აღნიშნავს „როიტერსი“.

პალესტინური ავტონომია, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს, მიესალმა რეზოლუციის მიღებას და მოუწოდა ქვეყნებს, ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე. ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იზათ ელ-რეშიქმაც გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს „აგრესია, გენოციდი და ჩვენი ხალხის ეთნიკური წმენდა“.

რეზოლუციის მიღებასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას, ღაზის სექტორის განურჩევლად დაბომბვის გამო.


ისრაელმა „ჰამასს“ ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

„ჰამასის“ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს თითქმის 15 ათასი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 6 ათასი ბავშვია. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

ისრაელმა და „ჰამასმა“ ნოემბრის ბოლოს ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავის შესახებ განაცხადეს, რა დროსაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გატაცებული 84 ისრაელელი და სხვა ქვეყნების 24 მოქალაქე გაათავისუფლა. სანაცვლოდ ისრაელმა „ღაზაში“ ჰუმანიტარული ტვირთი შეუშვა, ხოლო ციხიდან 240 პალესტინელი გაათავისუფლა. შეთანხმებამ მხოლოდ 7 დღეს გასტანა, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები სრულად განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი