ახალი ამბები

ბაიდენის თქმით, ისრაელი საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს

13 დეკემბერი, 2023 • 780
ბაიდენის თქმით, ისრაელი საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას. „სი-ენ-ენის“ ცნობით, ბაიდენმა ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას ისაუბრა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ახლა ისრაელს მსოფლიოს უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ ეს მხარდაჭერა იკარგება იმის ფონზე, როცა ისრაელი განურჩევლად ბომბავს ღაზის სექტორს.

ბაიდენის თქმითვე, ნეთანიაჰუმ პოლიტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა „ისრაელის ისტორიაში ყველაზე კონსერვატიული მთავრობა მას ამის საშუალებას არ აძლევს“ და არ სურს.

ბაიდენის გამოსვლამდე ისაუბრა ნეთანიაჰუმაც აშშ-ის პრეზიდენტთან გარკვეული უთანხმოების შესახებ.

„დიახ, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა იქნება ჰამასის შემდეგ და იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ“, – ნათვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

კონკრეტულად, ნეთანიაჰუ წინააღმდეგია, „ჰამასის“ განადგურების შემდეგ, ღაზის სექტორში ძალაუფლება გადაიბაროს პალესტინის ავტონომიამ, რომელიც 1990-იან წლებში დადებული ოსლოს შეთანხმების შედეგად, აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს და 2007 წლამდე აკონტროლებდა ღაზის სექტროსაც.

„მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია – არ გავამეორებინებ ისრაელს ოსლოს შეცდომებს“, — თქვა ნეთანიაჰუმ.

ბაიდენის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ღაზის მართვის როლი სწორედ პალესტინის ავტონომიამ იტვირთოს.


ისრაელმა „ჰამასს“ ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

„ჰამასის“ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს თითქმის 15 ათასი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 6 ათასი ბავშვია. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

ისრაელმა და „ჰამასმა“ ნოემბრის ბოლოს ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავის შესახებ განაცხადეს, რა დროსაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გატაცებული 84 ისრაელელი და სხვა ქვეყნების 24 მოქალაქე გაათავისუფლა. სანაცვლოდ ისრაელმა „ღაზაში“ ჰუმანიტარული ტვირთი შეუშვა, ხოლო ციხიდან 240 პალესტინელი გაათავისუფლა. შეთანხმებამ მხოლოდ 7 დღეს გასტანა, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები სრულად განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი