ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე, ნინა ჯეჯელავა ადასტურებს.
ბოლო პერიოდში მწერალი მძიმე სენს ებრძოდა.
ზურაბ ქარუმიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.
1983-2000 წლებში იყო თსუ-ის XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ- თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ. 1994-95 წლებში მუშაობდა უისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ).
გამომცემლობა “ინტელექტის” თანახმად, რომელთანაც მწერალი თანამშრომლობდა, ქარუმიძის პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოქვეყნდა გაზეთში „ლიტერატურა და სხვა“. 1998 წელს გამოვიდა მოთხრობათა კრებული “Opera”; 2000 წელს რომანი “ღვინომუქი ზღვა”; 2003 წელს – რომანი “თხა და გიგო”; 2005 წელს ნიუ-იორკში, მისი თანარედაქტორობით, გამოიცა წიგნი “Enough: Rose Revolution in the Republic of Georgia, 2003″; 2009 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი “ჯაზის ცხოვრება”.
ავტორია ინგლისურენოვანი რომანისა “Dagny or a Love Feast” (“დანგი ანუ სიყვარულის აღაპი”), რომელიც წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე 2012 წელს, 2014 წელს გამოვიდა აშშ-ში; 2015 წელს – თურქეთში, 2017 წელს – გერმანიაში და დასახელდა გერმანიაში გამოსულ წიგნთა საუკეთესო ათეულში.
2011 წელს გამოიცა მისი რომანი “მელია-ტულეფია: Fox-Trot”; 2013 წელს – ვრცელი მოთხრობა “ბაშიაჩუკი ანუ მობიდიკი”; 2014 წელს – რომანი “ჯაზის ყვავილობა”, 2017 წელს კი შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოვიდა მისი რომანი “ბაყაყები”.