ახალი ამბები

ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

11 დეკემბერი, 2023 • 1434
ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დღეს გამოძიება დაიწყეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების საქმეზე, რომელიც ბაბი კირკიტაძეს უკავშირდება. 

საუბარია ტელეკომპანია „პოსტივის“ თანამშრომელსა  და მომღერალ ბაბი კირკიტაძეზე. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს”, – ნათქვამია 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 8 დეკემბერს დაიბარეს მის მიერ გავრცელებული  განცხადების გამო.  კირკიტაძე აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ, როგორც ჩან,ს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!

ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!“ — წერდა კირკიტაძე სოციალურ ქსელში.

8 დეკემბერს ბაბი კირკიტაძის ამ განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

„კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერი ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!“ — დაწერა სალომე ზურაბიშვილი Facebook-ში პირად გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი