ახალი ამბები

რ2-მა გიული ალასანიას სავარაუდო ფარული ჩანაწერი გაავრცელა, უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება

12 იანვარი, 2023 • 1581
რ2-მა გიული ალასანიას სავარაუდო ფარული ჩანაწერი გაავრცელა, უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება

მიმდინარე კვირას მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ამჯერად ჩანაწერები 11 იანვარს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა და მასში, სავარაუდოდ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას საუბარი ისმის.

„რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვების, „კურიერის“ წამყვანის თქმით, „შოკის მომგვრელი ჩანაწერი“ მათ ექსკლუზიურად მიაწოდეს.

ჩანაწერი 1 წუთი და 24 წამი გრძელდება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა გაკეთებული. „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი ასევე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გიული ალასანია ოპოზიციას ადანაშაულებს „პარაზიტობაში“.

ფარული ჩანაწერით ასევე იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს ხელისუფლების მამხილებელ მასალებს რუსეთიდან აწვდიან.

ამავე ჩანაწერში ნახსენებია ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც, თითქოს ის რუსული „პროექტია“ ნაწილია.

ჩანაწერის გავრცელებას მედიასთან გამოეხმაურა გიული ალასანია. ის მსგავსი საუბრის არსებობას არ ადასტურებს. ალასანიას კითხევები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გავრცელდა ის მაინცდამაინც ახლა, როცა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე მიდის მსჯელობა.

ალასანია ეჭვობს, რომ ჩანაწერის გავრცელების მიზანი მიხეილ სააკაშვილის დაზიანებაა.

„არანაირად არ ვადასტურებ… ასეთი ფაქტი არ ყოფილა… არ მაინტერესებს ეს საკითხი იმიტომ, რომ გამორიცხულია. მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე, ნუ იტყვი და, ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი?! უკაცრავად რა, იმიტომ ზის ეს აქ[მიხეილ სააკაშვილი ციხეში] და იმიტომ შემოვარდნენ 2008-ში და მერე იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებს?![…]

რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ?! იმიტომ, რომ პროცესები მიდის და რომ ავნონ ახლა ჩემს შვილს?! აი, ამას ვუკავშირებ[ახლა გამოქვეყნებას].

არც მომისმენია[ჩანაწერი], არც მინდა, არც ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე და გარდა ამისა, კიდევაც რაღაც რომ ყოფილიყო, რატომ დღეს?!…

გახარია საერთოდ აღარ მახსოვს, რაზეა ლაპარაკი?!“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ნეტგაზეთი ესაუბრა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძესაც. ის გავრცელებულ ჩანაწერებს „ბოდვას“ უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერის გავრცელება „ტვ პირველის“ დისკრედიტაციას ემსახურება.

„არ შევალ უკანონოდ გავრცელებული ჩანაწერების შინაარსში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის და ძალიან მარტივია მიხვდე, მონტაჟის რამდენი კვალი ეტყობა. სრული ბოდვაა და პროპაგანდისტული მედიის და მათი ხელმძღვანელი პირების ახალი კამპანია. გასაგებია, რომ გადაცემა, რომელსაც ჩვენი გუნდი ამზადებს, ყველაზე მეტად უშლის ხელს ხელისუფლებას და, შესაბამისად, ახლა გადაწყვიტეს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის საშუალებით ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინონ.

კიდევ ერთხელ შემიძლია ვუთხრა, რომ წარუმატებელი მცდელობაა და უბრალოდ, სასაცილოა, რომ ადამიანი, რომელიც ახლა ამ [რუსთავი 2-ის] საინფორმაციო გამოშვებას ამზადებს, მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ცენზორი იყო. უკადრებელიც შეიძლება ადამიანებმა იკადრონ“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ ნეტგაზეთთან.

ჩანაწერის გავრცელების შესახებ განცხადებები გააკეთეს გიორგი გახარიას თანაპარტიელებმაც. როგორც ანა ბუჩუკური ამბობს, „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, გიორგი გახარია ვისი აგენტია.

„რაც არ უნდა ამონტაჟონ, გაავრცელონ, „ნაც-ქოცურ“ ჭაობში ჩართვას არ ვაპირებთ, როგორც აქამდე არ ჩავრთულვართ. გიული ალასანიას ამ ნალაპარაკევზე კომენტარის გაკეთება სერიოზული არ მგონია. არ ვიცოდი, რომ გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის”.

ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ გიული ალასანიას იმაში ვეთანხმები, რომ გიორგი გახარია ნამდვილად მომავლის პოლიტიკოსია. ჩამოყალიბდნენ – „კოკაინშიკია” ეს გიორგი გახარია, ამერიკის აგენტია თუ რუსეთის აგენტია. რაც უნდათ და რამდენჯერაც უნდათ, გაავრცელონ.

სამწუხაროდ, ამ ბინძურ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ მონაწილეობა მიიღო „რუსთავი 2-მა“, რომელმაც პირველმა გაავრცელა ის უდიდესი ტყუილი, რომ თითქოს გახარია სააკაშვილს ამერიკაში შეხვდა, რაც ვნახეთ, რომ ტყუილი იყო და ეს დადასტურდა. თუმცა ეს ტყუილი ამ ტელევიზიამ დაიწყო და „იმედმა” განავრცო. ეს მათი ტრაგედიაა. რაც უნდათ, ის უქნიათ, რაც უნდათ, ის გაავრცელონ. ჩვენი პარტია „ნაც-ქოცურ” ჭაობში ჩართვას არ აპირებს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დაიწყო თუ არა გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება, ამჯერადაც უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მათგან პასუხის მიღებას რამდენიმე საათია, ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი