ახალი ამბები

„ვგმობ ქალთა მიმართ ძალადობას“ — ზურაბიშვილი ბაბი კირკიტაძეს ეხმაურება

8 დეკემბერი, 2023 • 3078
„ვგმობ ქალთა მიმართ ძალადობას“ — ზურაბიშვილი ბაბი კირკიტაძეს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მომღერალ ბაბი კირკიტაძის პოსტს, რომელშიც ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ.

„კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერი ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!“ — წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ში პირად გვერდზე.

ტელეკომპანია „პოსტივის“ თანამშრომელმა და მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გუშინ, 7 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ვიდეოს უვრცელებენ.

„ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ… აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!“ — წერდა კირკიტაძე სოციალურ ქსელში.

პოსტის გავრცელების შემდეგ კირკიტაძეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით უწყებაში დაიბარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი