ახალი ამბები

ადამიანის უფლებების მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა — გახარია

10 დეკემბერი, 2023 • 697
ადამიანის უფლებების მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა — გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა.

„როგორც შედეგი, გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს“, — ამბობს გახარია.

მოქალაქეების უფლებების რეალური და ქმედითი დაცვა, გახარიას თქმით, შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა სახელმწიფო ერთი პარტიის ან ერთი კაცის ინტერესებზე კი არ იზრუნებს, არამედ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება — რიგით მოქალაქეებზე.

„მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო იქნება თითოეული ადამიანის უფლების ნამდვილი დამცველი და ქვეყანაში თანასწორი და სამართლიანი გარემოს გარანტი. მანამდე კი კორუფციისგან მოქალაქის დაცვა ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, მხოლოდ ილუზიაა“, — აცხადებს გახარია.

გიორგი გახარია ხშირად საუბრობს კორუფციასა და ნეპოტიზმზე, როგორც ქვეყნის მთავარ პრობლემებზე. ამავდროულად, კორუფციის არსებობას თავისი პრემიერობის დროს უარყოფდა.

„რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ”, — თქვა გახარიამ 2020 წელს, პარლამენტში დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას, უარყო რა, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომაროების დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა ადგილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი