ახალი ამბები

კორუფცია, ნეპოტიზმი და სხვ. — ქვეყნის მთავარი პრობლემები გახარიას აზრით

29 მაისი, 2021 • 1569
კორუფცია, ნეპოტიზმი და სხვ. — ქვეყნის მთავარი პრობლემები გახარიას აზრით

პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნების შემდეგ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის მთავარ პრობლემებად მიაჩნია.

“დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ნეპოტიზმი და ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სწრაფი ეკონომიკური განვითარების საჭიროება…” — აღნიშნა მან.

საპასუხოდ კითხვისა, “ქართული ოცნების” მმართველობისას გაკეთდა თუ არა რაიმე ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, გახარიამ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მიუღებლად მიაჩნია პარტიის მიერ თავისი “წარმატების” შედარება “10-15 წლის წინანდელ წარსულთან”.

“რა არის ჩემთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელი? ის, რომ “ქართული ოცნება” იმასაც კი, რაზეც ყველა თანხმდება, რომ გარკვეული მიღწევები და პროგრესი ჰქონდა, იმასაც, თავისი წარმატების დასაფიქსირებლად, ადარებს 10-15 წლის წინანდელ წარსულს. ეს კლავს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას”, — დასძინა მან.

გასულ წელს, პარლამენტში დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ უარყო, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომაროების დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა ადგილი. ამავე დღეს თქვა მან ფრაზა:

“რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ”.

გახარიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანება 29 მაისს დააფუძნა. პრეზენტაცია თბილისში, “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა. მან პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე და ახლად შექმნილი პარტიის ხედვებზე.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი