ლუკა კურტანიძე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი და არაერთი ოლიმპიადისა თუ ჩემპიონატის პრიზიორი, ამბობს, რომ ფედერაციის ყრილობაზე არ შეუშვეს.
კურტანიძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ სულ მცირე, როგორც მსოფლიო ჩემპიონს, „ალბათ, ჰქონდა უფლება, სტუმრის სტატუსით მაინც“ დასწრებულიყო ყრილობას, თუმცა იგი არ შეუშვეს და „დამამცირებლად მოექცნენ“.
„ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა, მეტი არაფერი… თუმცა, ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქო და მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი. შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს [გენმდივანს] მითითება მისცა… გენერალურმა მდივანმა მითხრა, [რომ] არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა.
ასე უფრო მეტად რბილად აღვნიშნავ… დავიბენი… რადგან არ ველოდი… შემრცხვა… ძალიან დავმცირდი… ძალიან მეტკინა… რაღაც ვთქვი და წამოვედი! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას, და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული… დიახ, თქვენიდან, ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქმდე, ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე, რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა. მე სხვა საზღაური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! ვფიქრობ, ასე არ შეიძლება! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია.
მე ვღებულობ გეგა გეგეშიძისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას! მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე… მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის წინაშე, რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ…. ვერ მივიღებ, რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი, მიტევებით, პირადი წყენის თუ შეურაცხყოფის დავიწყებით იმაზე მეტს ვეტყოდი, ვიდრე გაიგო ….მაგრამ არ გამოვიდა… მე ვიღებ ამ გამოწვევას!“, – წერს კურტანიძე.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურს. ფედერაციაში ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ აქვთ.
კურტანიძე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. იყო კოალიციის კანდიდატი ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში. იმავე წელს აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. თანამდებობას 2014 წლამდე იკავებდა – კურტანიძე მაშინ ფედერაციის პრეზიდიუმმა გადააყენა. 2015-16 წლებში იყო პარლამენტის წევრი „ოცნების“ სიით.
სპორტულ კარიერაში თავისუფალ სტილში მოჭიდავე კურტანიძემ ორჯერ მოუტანა საქართველოს ოლიმპიადების ბრინჯაოს მედალი. ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში.