საზოგადოება

ოპერის წინ გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

14 ნოემბერი, 2023 • 1399
ოპერის წინ გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის გაფიცვა მე-12 დღეა გრძელდება. 14 ნოემბერს, თეატრში ლუდვიგ მინკუსის ბალეტის, “ბაიადერას” პრემიერის პარალელურად, გაფიცულთა მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

ოპერის ტექნიკური პერსონალის 20-ზე მეტი თანამშრომელი 3 ნოემბერს გაიფიცა. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ტექნიკური პერსონალის ხელფასების 100%-იანი ზრდა და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენაა. აქციის ორგანიზატორები და ოპერის გაფიცული თანამშრომლები თეატრის სხვა თანამშრომლებს მოუწოდებენ, რომ მათ ბრძოლას შეუერთდნენ. აქციის დასაწყისში მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარემ ნიკოლოზ წიქარიძემ აღნიშნა, რომ გაფიცვის შემდეგ პირველად, ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაცია გაფიცულებსა და მათ მხარდამჭერებს დაუკავშირდა. 16 ნოემბერს გაფიცულ თანამშრომლებსა და ოპერის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა შედგება.

ოპერის ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი გიორგი ხიზანიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ განსაკუთრებული მოლოდინი შეხვედრასთან დაკავშირებით არ აქვთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ შეხვედრაზე  შეთანხმდებიან ისე, რომ საერთო საქმე არ დაზარალდება.

“დღევანდელი აქციის მიზანია, რომ [ადმინისტრაციაში] დაენახათ, სერიოზულად ვართ განწყობილები და ჩვენ შორის დეზინფორმაციის გავრცელების გზით ჩვენს დაშლას და გატეხას ვერ მოახერხებენ. აქამდე დამსაქმებელი ჩვენ არ დაგვლაპარაკებია, ცალკეულ ინდივიდუალურ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით. ჩვენ ღია ვართ, მზად ვართ დიალოგისთვის, ჯანსაღი დიალოგისთვის, აქედან იწყება ყველაფერი და ლოგიკურ დასასრულამდეც უნდა მივიდეს. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რომ ვიღაცისთვის სიამოვნების მიღებაში ხელი შეგვეშალა. მაგრამ ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ მსახიობები იქნებიან, მოცეკვავეები თუ მომღერლები, ამათ უკან დგას დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ბევრს შრომობენ, რომ მათ სიამოვნება მიიღონ. დღეს რაც მაყურებელს სცენაზე დახვდა, ჩვენი ბიჭების, გაფიცულების აწყობილი და გაკეთებულია”, – ამბობს გიორგი ხიზანიშვილი.

ვრცლად იმის შესახებ, რას ითხოვენ გაფიცულები, რატომ და როგორია მათი შრომის პირობები ოპერისა და ბალეტის თეატრში, იხილეთ აქ:

„დეზინფორმაციაა“ – ოპერისა და ბალეტის თეატრი 36 გაფიცულის ანაზღაურებაზე

14 ნოემბერს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი, პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი”, პროფკავშირების ახალი გაერთიანება, პროფკავშირი “გილდია”, მეტროს პროფკავშირი “ერთობა 2013”, საქართველოს კინემატოგრაფისტთა პროფკავშირი. აქციას შეუერთდნენ და ოპერის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვადასხვა პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენლებმა.

გელა გასიტაშვილი. ერთ-ერთი ორი გათავისუფლებული თანამშრომლიდან, რომელთა აღდგენა გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებში შედის. © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

დავით ომსარაშვილი, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის იურისტი © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

გიგა ბექაური. გილდია – დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

ოპერის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

ოპერის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

აქციას ოპერის ფანჯრებიდანაც ადევნებდნენ თვალს © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

აქციას ოპერის ფანჯრებიდანაც ადევნებდნენ თვალს © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

ოპერისა და ბალეტის თეატრში შესასვლელი. “ბაიადერას” პრემიერა აქციის პარალელურად © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი