ახალი ამბები

დღე II: ღაზიდან დამატებით 14 ისრაელელის გათავისუფლებას ელოდებიან

25 ნოემბერი, 2023 •
დღე II: ღაზიდან დამატებით 14 ისრაელელის გათავისუფლებას ელოდებიან

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ დღეს, 25 ნოემბერს, დამატებით 14 ისრაელელს გაათავისუფლებს, რომელიც 7 ოქტომბერს დაატყვევეს.

სანაცვლოდ, ისრაელი ციხიდან გაუშვებს სხვადასხვა დროს დაკავებულ 42 პალესტინელს. ასევე, ღაზის სექტორში შესაძლებელი გახდება დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა, მათ შორის, საკვების, წყლის, სამედიცინო ტვირთისა და საწვავის.

24 ნოემბერს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული ისრაელელი მძევლები. ფოტო: Times of Israel

ისრაელსა და „ჰამასს“ კატარის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში 50 ისრაელელ ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები სრულად იქნება შეწყვეტილი, ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში კი დღეში, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე, დაახლოებით, 200 სატვირთო შევა.

24 ნოემბერს „ჰამასმა“ „წითელი ჯვრის“ საშუალებით ღაზიდან, ჯამში, 24 ტყვე გაათავისუფლა. „წითელმა ჯვარმა“ ისინი ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანა, იქიდან კი ისრაელში ვერტმფრენით გადაიყვანეს. გათავისუფლებულთაგან 13 ისრაელელია, 10 — ტაილანდელი და 1 — ფილიპინელი. ყველა მათგანი 7 ოქტომბერს ისრაელიდან გაიტაცეს.

„ჰამასის“ ტყვეობიდან 24 ნოემბერს გათავისუფლებული ტაილანდელელები და ფილიპინის მოქალაქე

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ტყვეობიდან გათავისუფლებულთა დასახვედრად ძალიან დეტალური და მკაცრი პროტოკოლი გაიწერა იმის გათვალისწინებით, რომ მათ 50 დღე, სავარაუდოდ, მძიმე პირობებში, სიბნელესა და საკვების დეფიციტში გაატარეს, ასევე შესაძლოა, ისინი ძალადობის მსხვერპლიც გამხდარიყვნენ.  ასევე, ყოფილმა ტყვეებმა გათავისუფლების მომენტში შეიძლება არ იცოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები 7 ოქტომბერს დახოცეს, სახლები კი გადაწყვეს.

24 ნოემბერს გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის 4 ბავშვია 3 დედასთან ერთად, დანარჩენი 6 კი ხანდაზმული ქალია.

ისრაელის მედიასაშუალებები ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებულთა ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, მხოლოდ რამდენიმე ხანდაზმულ ქალს აქვს გადაღლისა და გამოფიტვის ნიშნები.

რაც შეეხება ისრაელის ციხიდან გათავისუფლებულ პალესტინელებს, მათი უმრავლესობა ქალები არიან, 15 მათგანი კი — 19 წლამდე ბიჭი. მათი ნაწილი სხვადასხვა ბრალდებით იყო გასამართლებული, ნაწილის სასამართლო კი არც იყო ჩატარებული.

მარაჰ ბაკეერი, ისრაელის პატიმრობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა პალესტინელი. BBC-ის ცნობით, ისრელმა ის 2015 წელს 16 წლის ასაკში დააკავა ისრაელელ მესაზღვრეზე დანით თავდასხმის ბრალდებით. მან ისრაელის ციხეში 8 წელი გაატარა. წყარო: BBC

როგორც არაბული მედია იტყობინება, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის პატიმრობიდან გათავისუფლებულთა დასახვედრად ქუჩებსა და პატიმრების ოჯახებში საზეიმო განწყობა იყო, შეიკრიბა ათასობით ადამიანი.

„ალ ჯაზირას“ ცნობით, ზოგ შემთხვევში ისრაელის პოლიციამ ზეიმების აღსაკვეთად ძალაც გამოიყენა და მუშაობის საშუალება არ მისცა, მათ შორის, „ალ ჯაზირას“ გადამღებ ჯგუფს.


ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. “ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

მთავარ ფოტოზე: ადგილობრივები ისრაელის დროშით ხელში უყურებენ სამხედრო ვერტმფრენის დაშვებას, რომლითაც შნაიდერის სამედიცინო ცენტრში „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული ბავშვები მიიყვანეს. EPA-EFE/ABIR SULTAN

მასალების გადაბეჭდვის წესი