ახალი ამბები

რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას განიხილავს

18 სექტემბერი, 2024 •
რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას განიხილავს

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ საქართველოსა და სომხეთში მცირე ჰესების მშენებლობას განიხილავს.

ამის შესახებ „როსატომ სერვისის“ (როსატომის ელექტროენერგიის განყოფილება) გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

„მიზნად დავისახეთ 10 მგვტ-მდე მცირე ჰიდროელექტროსადგურების აშენება რუსეთის ყველა რეგიონში, სადაც საჭიროა და არის მდინარეები. საზღვარგარეთ ჯერ გაფორმებულია ერთი კონტრაქტი ყირგიზეთთან, მაგრამ ახლა ჩვენ განვიხილავთ კიდევ ერთი სადგურის მშენებლობას. ჩვენს გეგმებში ასევე შედის მცირე ჰესების მშენებლობა სომხეთსა და საქართველოში“, — განაცხადა სალკოვმა.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ „როსატომ სერვისმა“, რუსულ-ყირგიზეთის განვითარების ფონდმა და შპს „ალფა ოილმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ყირგიზეთის ჯალალ-აბადის რეგიონში 30 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. ატომური ენერგიის კორპორაცია „როსატომი“ არის რუსეთის დივერსიფიცირებული სახელმწიფო ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს აქტივებს ენერგეტიკის, მექანიკური ინჟინერიისა და სამშენებლო სექტორებში.

აშშ-ის კონგრესი ამჟამად განიხილავს როსატომის სანქცირების აქტს. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს მეორადი სანქციების დაწესებას უცხოელების მიმართაც, რომლებიც მუშაობენ კომპანიასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი