ახალი ამბებიხელოვნება

„ხელოვნებაში ცენზურის წინააღმდეგი ვარ” – ანუშკა ჩხეიძის სიტყვა „ევროპალიაზე”

20 ნოემბერი, 2023 • 2397
„ხელოვნებაში ცენზურის წინააღმდეგი ვარ” – ანუშკა ჩხეიძის სიტყვა „ევროპალიაზე”

მუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ, რომელიც ევროპალიაზე ფესტივალის სპეციალური მიწვევით იმყოფება, აუდიტორიას სიტყვით მიმართა, კრიტიკულად შეაფასა კულტურის სამინისტროს პოლიტიკა და სოლიდარობა გამოუცხადა კულტურის სფეროში დასაქმებულ და გაფიცულ თანამშრომლებს:

„უნდა ვაღიარო, რომ გასული წელი სავსე იყო გამოწვევებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემს ქვეყანაში არსებული კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ აჩვენა, რომ არის მჩაგვრელი, როდესაც საქმე ხელოვნების თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას ეხება. ადამიანებს ყოველდღიური ზეწოლის გამოცდილება აქვთ –  წინააღმდეგი ვარ ხელოვნებაში ცენზურის.

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა არტისტს, ვინც დაკარგა სამსახური მუზეუმებში პოლიტიკური და კულტურული რეპრესიების გამო, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო კინოცენტრს, სადაც ხალხს არ აქვს შესაძლებლობა თავისუფლად გადაიღოს კინო. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ოპერისა და ბალეტის ყველა თანამშრომელს, რადგან მათი შრომითი უფლებები ირღვევა და ისინი იბრძვიან ამის წინააღმდეგ. ჩემს ქვეყანას ვუსურვებ თავისუფალ და ევროპულ მომავალს“, — თქვა ანუშკა ჩხეიძემ მიმართვაში, რომელსაც ავრცელებს „გილდია“.

„ევროპალია” გაიხსნა 4 ოქტომბერს. წლევანდელი ფესტივალი საქართველოს ეძღვნება. არტისტები საუბრობენ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე ფესტივალის პროგრამის შესარჩევ პროცესში. ხელოვანების ნაწილმა კულტურის სამინისტროს თანადაფინანსების გამო უარი განაცხადა ფესტივალზე წასვლაზე. 21 ოქტომბერს, ბელგიელი და ქართველი ხელოვანების მიერ ერთობლივად შექმნილი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენის შემდეგ კი, ფესტივალის მაყურებელს სიტყვით მიმართა ქორეგრაფმა ნათია ჩიკვაიძემ:

„დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით და განსაკუთრებული მადლობა ხელოვანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ გაცვლით რეზიდენციაში. ფესტივალმა მოგვცა თვითგამოხატვის საშუალება. საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის,  კულტურული და პოლიტიკური ზეწოლის გათვალისწინებით, აქ მოხვედრა რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი აღმოჩნდა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ  ვეწინააღმდეგები ცენზურას და გამოვხატო სოლიდარობა იმ არტისტების მიმართ, რომლებსაც პოლიტიკური და კულტურული რეპრესიების გამო არ მიეცათ საკუთარი თავის გამოხატვისა და [ფესტივალზე] ნამუშევრების გამოფენის საშუალება”.

ფოტო გარეკანზე: ლევან მაისურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი