საზოგადოება

ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩია არტისტები „ევროპალიაზე”

30 ნოემბერი, 2023 • 1581
ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩია არტისტები „ევროპალიაზე”

2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა ბელგიის მეფისთვის მიწერილი წერილი, სადაც იგი ამბობს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლებს „ევროპალიის” ფესტივალის გახსნაზე დასწრებას და იძულებულია შეცვალოს საპროტოკოლო გადაწყვეტილება.

პრეზიდენტი ფესტივალზე დაუსწრებლობის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს მთავრობის “დაუსაბუთებელ უარს” ასახელებს. უფრო კონკრეტულად, ზურაბიშვილის თქმით, მთავრობამ არ მისცა უფლება დაესწროს ფესტივალის გახსნას.

როგორც ირკვევა სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს ფესტივალიდან დაბლოკვაში.

მოგვიანებით, უკვე ხელოვანების მხრიდანაც დაიწყო საუბარი „ევროპალიაზე” წარმოდგენებისა და ნამუშევრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევის შესახებ.

წარმოდგენების შერჩევის პროცესით დაინტერესდა „ნეტგაზეთი” – რა კრიტერიუმებით აირჩა ფესტივალზე გასაგზავნი პროექტები და იყო თუ არა მათ შორის კულტურის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებები?

ევროპალია

ფესტივალი „ევროპალია” პირველად 1969 წელს გაიმართა და მას შემდეგ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ ბელგიაში, ფოკუსად კი ირჩევს ქვეყანას ან კონკრეტულ თემას.

წლევანდელი ფესტივალი 4 ოქტომბრიდან – თებერვლის ჩათვლით იმართება და ეძღვნება საქართველოს; ქართულ ისტორიულ, თანამედროვე ხელოვნებასა და კულტურას. ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს ინტერკულტურული კავშირები. ფესტივალზე ისტორიული და თანამედროვე ნიმუშების წარდგენით კი, შესამჩნევი გახადოს ქვეყნის განვითარება და გეზი.

„საქართველოს მასპინძლობისთვის ფესტივალმა მზადება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო”, – ამბობს მუსიკისა და კინოს კოორდინატორი მარკ ჯეიკობსი – „როგორც წესი, ფესტივალისთვის მზადება დაახლოებით ორი წლით ადრე იწყება ხოლმე, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, პანდემიის გამო, ეს პროცესი უფრო გაჭიანურდა, ფესტივალი კი 2022 წლის ნაცვლად 2023 წელს ჩატარდა.”

ფესტივალის მთავარი ფინანსური პარტნიორი საქართველოს მხრიდან არის კულტურის სამინისტრო. ის უზრუნველყოფს არტისტების ყველა საერთაშორისო გადაადგილებას საქართველოდან. ფესტივალში „ევროპალიისა” და სამინისტროს ფინანსური ჩართულობის წილი არის თითქმის 50/50 ზე. რაც, როგორც „ევროპალიის” გენერალური დირექტორი კრისტიან სალეზი ამბობს – ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი, უნდა გადაწყდეს სამინისტროსა და ევროპალიის გუნდის ურთიერთშეთანხმების შედეგად.

კულტურის სამინისტროს მიერ უარყოფილი წარმოდგენები

სახელოვნებო კომპანიის „ღია სივრცე” თანადამფუძნებელი დავით ხორბალაძე „ნეტგაზეთთან” საუბრისას იხსენებს, რომ პირველად „ევროპალიის” გუნდის წევრები ერთი წლის წინ დაუკავშირდნენ. უთხრეს, რომ დაინტერესებული იყვნენ მასთან მუშაობით და სთხოვეს გაეგზავნა ნამუშევრები მათთვის. მოლაპარაკებების შემდეგ, შერჩეული სპექტაკლის – „მკვდარი ძაღლები” – ფესტივალზე წაღება ტექნიკური მიზეზით არ გამოვიდა, თუმცა წასაღებად შეირჩა მისი ორი ნამუშევარი – ვიდეოსპექტაკლი „მამა თავს იხრჩობს ტყეში” და ხმოვანი ინსტალაცია „ადგილები და მდებარეობები”, რომელიც უნდა გამოფენილიყო ანტვერპენში, სახელოვნები სივრცეში – “MONTY”. რაღაც პერიოდის შემდეგ კი „ევროპალიის” გუნდის მხრიდან დაიწყო ლაპარაკი კულტურის სამინისტროს შესახებ:

„სხვებისგან მესმოდა, რომ კითხვებს უსვამდნენ „ევროპალიის” კურატორები: კულტურის სამინისტროსგან არის კითხვები და რამე კრიტიკულს ხომ არ დებთ ფეისბუკზე, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შერჩევის პროცესზეო – ეს მეც მითხრეს და ვუპასუხე, რომ ვდებდი.”

ამ პერიოდში რეჟისორმა იცოდა, რომ კულტურის სამინისტროც თანახმა იყო წაეღოთ მისი ნამუშევრები ფესტივალზე:

„ვიცოდი, რომ კულტურის სამინისტროსაც თანხმობა ჰქონდა ნათქვამი ჩემს ნამუშევრებზე. შერჩეული ნამუშევრებიდან რის გამო უნდა ეთქვათ უარი, დიდად ვერც ვხვდები. არცერთი არ არის დიდად პოლიტიკურად კრიტიკული ნამუშევარი, ერთი მეხსიერებით აწყობილი აუდიოინსტალაციაა, „მამა თავს იხრჩობს ტყეში“ კი, თანამედროვე პოლონელი დრამატურგის პიესა, რომელშიც არის რაღაც ქვიარ ელემენტები, მაგრამ არ მგონია, ამის გამო დაებლოკათ.”

დავით ხორბალაძის თქმით, საბოლოოდ ფესტივალის ფარგლებში არცერთი კოლაბორაცია არ შედგა, რომელიც უნდა შემდგარიყო სახელოვნებო კომპანიასთან „ღია სივრცე”, რაც კონტექსტის გათვალისწინებით აჩენს ეჭვებს. მიუხედავად იმისა, რომ არავის მიუწერია, რომ პოლიტიკური პოზიციების გამო ცენზურას დაექვემდებარა, ხელოვანის თქმით, კურატორებისგან მიიღო იმეილი, სადაც ცხადად წერია, რომ მისი ნამუშევრები უარყო კულტურის სამინისტრომ:

„მეილზე ასე ცხადად არავინ მოგწერს, თქვენ დაცენზურებული ხართ პოლიტიკური პოზიციების გამოო, ჯერ არ ვართ მაგ სტადიამდე მისულები. მაგრამ თვითონ ეს სიტყვა, რომ უარყოფილია ჩემი ნამუშევრები კულტურის სამინისტროს მიერ, თვითონ მომწერეს კურატორებმა – კულტურის სამინისტრომ უარყო შენი ნამუშევრები, თუმცა შევეცდებით მაინც ჩამოგიყვანოთ და პროგრამაში მონაწილეობა მიიღოო. რაზეც დავთანხმდი, რადგან ეს მხარდაჭერად აღვიქვი და ვუთხარი, რომ თუ ჩამოვალ, ეს ჩემთვის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობაც იქნება-მეთქი. იქ რამდენიმე შეხვედრაც იგეგმებოდა, სადაც შევძლებდი მომეყოლა ცენზურის შესახებ.”

საბოლოოდ „ევროპალიამ” ვერ მოახერხა ფინანსების მოძიება ფესტივალზე რეჟისორის წასაყვანად, თუმცა სანაცვლოდ შესთავაზა 150 ევრო მისი ნამუშევრების გამოსაფენად ანტვერპენში:

„რაღაც დროის გასვლის შემდეგ „ევროპალიისგან“ მომივიდა შეტყობინება, რომ ვერ შეძლებდნენ ჩემს წაყვანას, ვერ შეძლეს ფულის მოძიება, თუმცა გადაიხდიან 150 ევროს და ჩემი ნამუშევრები გამოიფინება ფესტივალზე. ეს იყო მათი შემოთავაზება, რაზეც ვუპასუხე, რომ მოეხსნათ ჩემი ნამუშევრები და თუ მხარდაჭერის სურვილი ჰქონდათ, დაეწერათ, რომ კულტურის სამინისტროს გამო, პროტესტის ნიშნად მოვხსენი ნამუშევრები. თუ არ ჩამოვალ, ჩემი ნამუშევრების გამოფენას არანაირი აზრი არ აქვს-მეთქი.”

დავით ხორბალაძე

 

 

კულტურის სამინისტროს მიერ დავით ხორბალაძის ნამუშევრების უარყოფაზე გვპასუხობს „ევროპალიის” გენერალური მენეჯერი კრისტიან სალეზი. იგი ამბობს, რომ მათთვის გაუგებარი და ბუნდოვანი იყო სამინისტროს მხრიდან მიღებული უარი:

„რაც ეხება დავით ხორბალაძის შემთხვევას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუმცა მაინც არ ვიცით, რატომ იყო იგი კულტურის სამინისტროს მხრიდან უარყოფილი. [დავით ხორბალაძეს] შევთავაზეთ, სხვადასხვა გზების გამოყენებით მოგვეძიებინა ფინანსები, გაგვეწია ორგანიზება და გვეწარმოებინა მოლაპარაკებები „ევროპალიის” დროშის ქვეშ, რაც დავით ხორბალაძემ დააფასა, თუმცა საბოლოოდ ამაზე უარი თქვა. როგორც ჩანს, ურთიერთობები დავით ხორბალაძესა და სამინისტროს შორის არასასიამოვნოა. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ეს გამოგვსვლოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა.”

სახელოვნებო კომპანიის „ღია სივრცე” თანადამფუძნებელი მიხეილ ჩარკვიანი, რომლის წარმოდგენა „ექსოდუსი” ბელგიელი წარმომადგენლების მხრიდან შერჩეული იყო „ევროპალიაზე” წასაღებად, ფესტივალის მიერ არტისტების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საუბრობს:

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპალიის გუნდი არ ჩამოდის და არ აფასებს მხოლოდ ერთ სპექტაკლს, ისინი ასე არ მუშაობენ. პროგრამა დგება რამდენიმე წლის მანძილზე და აკვირდებიან სხვადასხვა არტისტებს. ადამიანებს, რომლებთანაც მქონდა ურთიერთობა, რათა „ევროპალიაზე“ „ექსოდუსი“ წასულიყო, იქამდე ნანახი ჰქონდათ ჩემი რამდენიმე სპექტაკლი. ესე იგი, ისინი აკვირდებიან არტისტის განვითარებას წლების განმავლობაში. ეს არ იყო უცბად მიღებული გადაწყვეტილება და უცბად შედგენილი პროგრამა. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი და მას ჰქონდა თავისი ლოგიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კურატორისთვის, როცა აწყობს პროგრამას ან გამოფენას.”

რეჟისორის თქმით, კულტურის მინისტრისთვის პროგრამის წარდგენის შემდეგ გამოიკვეთნენ ავტორები, რომელთა პოლიტიკური აქტივობა პრობლემა იყო სამინისტროსთვის:

„როგორც „ევროპალიის” კურატორებმა გვითხრეს, თავიდანვე გამოიკვეთნენ ავტორები, მათ შორის მეც, რომლებზეც სამინისტროს პრობლემა ჰქონდა, რომ მეტისმეტად პოლიტიკური არტისტები ვიყავით და დაიწყეს უხეშად ჩარევა პროგრამაში.”

„ამის შემდეგ „ბოზარ ცენტრმა” და ევროპალიამ დაიწყო დამატებითი ხარჯების მოძიება იმისთვის, რომ მათ მიერ შექმნილი პროგრამა გადაერჩინათ, რადგან ხვდებოდნენ, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ნამუშევარ პროგრამას არ ეწერა შესრულება. მათთვის საჭირო გახდა მოეძებნათ საჭირო სახსრები და გაეკეთებინათ, ასე ვთქვათ, რეპრესირებული არტისტების დამოუკიდებელი პროგრამა. იყო ამაზე მოლაპარაკება, თითქოს გამოჩნდა რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც უნდოდა დახმარებოდა „ევროპალიას”, მაგრამ საბოლოოდ ეს არ გამოვიდა”, – ამბობს რეჟისორი.

გაიგეთ მეტი დავით ხორბალაძესა და მიხეილ ჩარკვიანის შესახებ - დააკლიკეთ

სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე”

სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” დააარსეს თეატრის რეჟისორებმა: მიხეილ ჩარკვიანმა, დავით ხორბალაძემ და მხატვარმა ანა გურგენიძემ. კომპანია 2018 წელს გაიხსნა და მიზნად ისახავს საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნების განვითარებას.

„ღია სივრცე” მაყურებელს სთავაზობს წარმოდგენებს, რომლებიც კავშირშია თანამედროვე საქართველოსთან და არის პოლიტიკურად აქტუალური.

2023 წელს მიხეილ ჩარკვიანი მიწვეული იყო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თეატრალურ ფესტივალზე – “Wiener Festwochen”, რათა განეხორციელებინა „ღია სივრცეში” დადგმული დოკუმენტური სპექტაკლის „ექსოდუსი” ვენური ვერსია. ფესტივალის 72-წლიანი არსებობის მანძილზე ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობა მიიღო სადადგმო ჯგუფმა საქართველოდან.

„ღია სივრცის” გუნდი აქტიურად გამოხატავს პოლიტიკურ პოზიციას როგორც ერთიანად, ისე ინდივიდუალურად. მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე იღებენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და აქტიურად არიან ჩართული კულტურის სამინისტროს მიერ გათავისუფლებული ხელოვანების მხარდაჭერის პროცესში. თეატრალურ სივრცეში კი – იმ რამდენიმე ხელოვანთაგანი არიან, რომელიც ღიად გამოხატავს პროტესტს კულტურის მინისტრის მიმართ.

ამ პროცესში „ევროპალიის” გუნდის წევრებმა მიხეილ ჩარკვიანს ჰკითხეს – თუ წავიდოდა კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, რაზეც მან უარი თქვა და უთხრა, რომ ამ შეთავაზების გაკეთებას სამინისტროსთვის აზრი არ ჰქონდა:

„„ევროპალიამ” მკითხა, თუ წავიდოდი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით. ამ დროს უკვე თეა წულუკიანი იყო მინისტრი, იქამდე, როცა „ევროპალიაზე” დაიწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, იგი მინისტრი არ ყოფილა. მე თავიდანვე ვუთხარი, რომ არ მაინტერესებს ეს ბრძოლა და არ მინდა მინისტრისგან მიღებული დაფინანსება. რომც დავთანხმებოდი და მეთქვა, რომ თეა წულუკიანის დაფინანსებით წავალ, არ მგონია, (ჩემ შემთხვევაში, როცა ასეთ ღია დაპირისპირებაში ვიმყოფები როგორც კულტურის სამინისტროსთან, ისე საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან), რამე წარმატებისთვის მიეღწიათ. ვთვლი, რომ ეს იმთავითვე შეუძლებელი იყო და ასეც ვუთხარი, თანახმა რომც ვიყო, აზრი არა აქვს, არ მოგვცემს დაფინანსებას-მეთქი.”

მიხეილ ჩარკვიანის თქმით, ფესტივალზე წარდგენილი პროგრამით მივიღეთ გაყალბებული კულტურა, რომელიც არ ასახავს თანამედროვე ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებს:

„სინამდვილეში, რაც მივიღეთ საერთაშორისო ფესტივალზე, საკმაოდ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, არის გაყალბებული ქართული კულტურა, რადგან ქართული კულტურა დღეს ძალიან პოლიტიკურია. მისი ამჟამინდელი ეტაპი არის ძალიან პოლიტიკური იმდენად, რამდენადაც ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და კულტურა, რა თქმა უნდა, რეფლექსირებს შექმნილ სიტუაციაზე.

მივიღეთ პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორს, სტუმართმოყვარეობას, გართობას, რეკრეაციას, სიხარულს, ყველაფერს საუკეთესოს და წარმოაჩენს (ყველაზე ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი) საქართველოს ისეთ ქვეყნად, როგორიც არ არის და იმ კულტურას, როგორი კულტურაც არ გვაქვს. შესაბამისად, მგონია, რომ საქმე გვაქვს კულტურის, როგორც ქვეყნის სახის გაყალბებასთან.”

მიხეილ ჩარკვიანი

ევროპალიაზე წასული ხელოვანები და მათი პროტესტი

21 და 22 ოქტომბერს ნათია ჩიკვაიძემ და ნინო დავაძემ „ევროპალიაზე” წარადგინეს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნამუშევარი “Pick Up Club”. პროექტის მიზანი იყო, ბელგიელი და ქართველი არტისტების ხუთდღიანი რეზიდენციის შედეგად სპონტანურად წარმოედგინათ 15- წუთიანი ქორეოგრაფიულ-მუსიკალური დუეტები, რომლებიც იქნებოდა თანამედროვე ცეკვისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი.

21 ოქტომბერს, წარმოდგენის შემდეგ, ნათია ჩიკვაიძემ წაიკითხა სიტყვა, რომელშიც ხაზს უსვამს საქართველოს კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას გამოხატავს არტისტების მიმართ, რომლებსაც არ მიეცათ ფესტივალზე ნამუშევრების გამოფენის საშუალება:

„დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით და განსაკუთრებული მადლობა ხელოვანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ გაცვლით რეზიდენციაში. ფესტივალმა მოგვცა თვითგამოხატვის საშუალება. საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, კულტურული და პოლიტიკური ზეწოლის გათვალისწინებით, აქ მოხვედრა რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი აღმოჩნდა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ვეწინააღმდეგები ცენზურას და გამოვხატო სოლიდარობა იმ არტისტების მიმართ, რომლებსაც პოლიტიკური და კულტურული რეპრესიების გამო არ მიეცათ საკუთარი თავისა გამოხატვისა და [ფესტივალზე] ნამუშევრების გამოფენის საშუალება.”


ქორეოგრაფი ნათია ჩიკვაიძე „ნეტგაზეთთან” საუბრისას იხსენებს „ევროპალიის” პროექტების შესარჩევ პერიოდს:

„ერთმანეთს ვუზიარებდით ინფორმაციას, ვის როგორი კომუნიკაცია გვქონდა ფესტივალის გუნდთან. ყველას გვქონდა კითხვები – რა ნიშნით არჩევდნენ პროექტებს. ორაზროვანი იყო – კულტურის სამინისტრო აფერხებდა „ევროპალიას” თუ „ევროპალიას” არ უნდოდა ვიღაცების წაყვანა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ კულტურის სამინისტრო ისე ჩაება ამ პროცესში, რომ უარს ეუბნებოდა კონკრეტულ ადამიანებს, არ ჰქონდათ სურვილი, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ ფესტივალზე, რათა რაღაც ზედმეტი არ ეთქვათ და გაეკეთებინათ.”

ეს ქორეოგრაფისთვის ცხადი გახდა, როცა სამინისტროს მასთან კომუნიკაცია ჰქონდა:

„მოგვიანებით მეც მივხვდი ამას, როცა ზარი მივიღე კულტურის სამინისტროდან. საქმის გარჩევის მსგავსი საუბარი იყო – ვინ ნათია ხარო? (ეგონათ, რომ სხვა ნათია ვიყავი) შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, კულტურის სამინისტრო თანხმდება, რომ მივიღო ფესტივალში მონაწილეობა, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს, რას ვაკეთებ. თანამედროვე ცეკვაზე რომ დავიწყე ლაპარაკი, აღმოჩნდა, რომ წარმოდგენა არა აქვთ, რა არის თანამედროვე ცეკვა, შევთავაზე, რომ გამეგზავნა ვიდეოები ჩემ შესახებ, რათა ენახათ, რას ვაკეთებდი. არა, არა, ყველაფერი გასაგებია, არა გვაქვს პრობლემა თანამედროვეობაზეო – მიპასუხეს.”

„ჩვენს შემთხვევაში, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა არის იმპროვიზაცია. ეგონათ, ცეკვით და მუსიკით ვერაფერ პოლიტიკურს ვერ ვიტყოდით. იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენ ასე ლამაზად გადაგვატარებდნენ და ცეკვა და მუსიკა პოლიტიკური არ არის”, – ამბობს ნათია ჩიკვაიძე.

ნათია ჩიკვაიძე. ფოტო: Lea Greub

მუსიკოსი ნინო დავაძე „ნეტგაზეთთან” საუბრისას იხსენებს „ევროპალიის” კურატორებთან პირველ შეხვედრას და კითხვას არტისტის პოლიტიკურად აქტიურობის შესახებ:

„სხვადასხვა არტისტები სხვადასხვა პრინციპით შეირჩნენ, ჩემს შემთხვევაში ასე იყო – გავაგზავნე ჩემი პორტფოლიო მუსიკალურ კურატორებთან და იმავე დღეს მთხოვეს შეხვედრა. დეტალებში რომ არ შევიდე, მთავარი და საკვირველი აქცენტი იყო, რომ პირდაპირ მითხრეს – კულტურის სამინისტროსთან გვაქვს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა, გვინდა, რომ იყო ამ პროექტის მონაწილე, მაგრამ რამდენად ხმამაღალი ხარ პროტესტის დროს ან რამდენად გამოხატავ ამას ფეისბუკზე შენი აზრებითო. როდესაც ევროპული მხარეც იმას გეკითხება – პოლიტიკურად რამდენად აქტიური ხარ, ეს უკვე არის პრობლემა.

მითხრეს – შევხვდით კულტურის სამინისტროში წარმომადგენელს და გაცხადებულად, პირდაპირ გვითხრა, რომ ხელოვანები, რომლებიც ჩვენთან პირდაპირ წინააღმდეგობაში არიან, უბრალოდ ვერ იქნებიან ამ ფესტივალის ნაწილიო.”

ნინო დავაძე ამბობს, რომ მოსამზადებელ პერიოდში ბევრი იფიქრა, ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა და სამინისტროსთან ურთიერთობებში შესვლა, თუმცა მუსიკოსი აღნიშნავს, რომ კულტურის სამინისტროს ფული ხალხის ფულია, ასეთი შესაძლებლობები კი – არტისტებისთვის ძალიან იშვიათია:

„ბევრი ვიფიქრეთ, რამდენად გვიღირდა, ვფიქრობდით, რამდენად ღირდა მონაწილეობის მიღება. პირადად ჩემი მხრიდან მთავარი არგუმენტი იყო (და სხვებიც იზიარებდნენ ამას), რომ რითაც ფინანსდებოდა ჩვენი წასვლა, ეს, ქართველი ხალხის ფული იყო. კულტურის სამინისტროთი და მინისტრით მანიპულაცია კი არ მინდოდა, რადგან ჩვენ თუ არ გაგვიშვებდნენ – სხვას გაუშვებდნენ და ფესტივალი მაინც შედგებოდა, ჩვენ კი გარეთ დავრჩებოდით. ძალიან დიდ გამოცდილებაზეა საუბარი, რომლის მიღების შესაძლებლობაც ძალიან ხშირად არ გვაქვს ხოლმე.”

მუსიკოსისთვის ფესტივალზე წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ელაპარაკათ კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებსა და ხელოვნების გამოწვევებზე:

„ჩვენი მიზანიც ეს იყო, ჩავსულიყავით და გველაპარაკა არა მხოლოდ სცენიდან, არამედ მის მიღმაც. სცენის გარეთ ბევრი შეხვედრა გვქონდა. ვთვლი, რომ იქ ყოფნა მნიშვნელოვანი იყო, რათა ეს ყველაფერი გვენახა და ამის მიხედვით გადაგვეწყვიტა, რა ფორმით ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. ეს პლატფორმა დასაკარგი არ იყო. ჩვენი ჩასვლის მთავარი მიზანი იყო, მათთვის მოგვესმინა და ჩვენი სათქმელიც გაგვეზიარებინა; გველაპარაკა და ნამუშევარშიც გამოხატულიყო ეს ყველაფერი; ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმად არ დარჩენილიყო ეს პროტესტი. ბოლოს შავით თეთრზე დაწერილი ტექსტები წავიკითხეთ ყველამ. ვიდეოში არ ჩანს, თუცმა ყველა ვამბობთ ჩვენ სათქმელს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბელგიელმა არტისტებმაც გამოხატეს პოზიცია, მოისმინეს და მხარი დაგვიჭირეს.”

ნინო დავაძე

16 ნოემბერს ფესტივალზე კონცერტი გამართეს მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა და პიანისტმა გიორგი გიგაშვილმაც, თუმცა, როგორც გიორგი გიგაშვილი „ნეტგაზეთთან” მიმოწერისას ამბობს, ამ პროცესში კულტურის სამინისტრო ჩართული არ ყოფილა:

როგორც გაირკვა, ბრიუსელიდან შემოგვთავაზეს კონცერტი მე და ლიზას და ამაში საქართველოს მხარე არ ყოფილა ჩართული. ალბათ კულტურის სამინისტრო არც აგვირჩევდა ჩვენ და, მით უმეტეს, ჩვენ არ გავაგზავნიდით აპლიკაციას, რათა ფესტივალზე დაკვრა გვეთხოვა.

„მგონია, პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა დანაშაულია ასეთი სახის კულტურულ ფესტივალებზე, რომლებიც ისეთ ქალაქებსა და ქვეყნებში ტარდება, სადაც, წესით, ყველა ნიჭიერი ადამიანი უნდა იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს თეა წულუკიანსა და სამინისტროს არ აინტერესებთ. ბლოკავენ და გაფრთხილებებს აძლევენ უნიჭიერეს არტისტებს”, – ამბობს პიანისტი.
„ნეტგაზეთი” კომენტარისთვის დაუკავშირდა კულტურის სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი