სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მოქალაქეების დაკავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტის დაკავება. საუბარია “მაუწყებლის” ჟურნალისტზე, რატი რატიანზე.
“მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მათმა წარმომადგენელმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი.
გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ თვალყურს ადევნებენ რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობისთვის ლიცენზიის გაცემის საკითხს და შეისწავლიან ამასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებს.
გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დემონსტრანტები, რომელბც რაჭის ტყეებით სარგებლობის უფლების კერძო პირისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ, დაკავეს. დაკავებულთა შორის არიან მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, ამავე მოძრაობის წევრები – გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე.”მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი, საბა ქერქაძე, მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია და სხვები.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დაკავებულია ჯამში 11 მოქალაქე.
ვარლამ გოლეთიანის ინტერესებს ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” იურისტი, მარიამ ღონღაძე იცავს. იურისტის ინფორმაციით, გოლეთიანი ამ ეტაპზე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, თუმცა იურისტი განმარტავს, რომ მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
დაკავებას წინ უძღოდა დაძაბულობა, რაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან სამინისტროს ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეთა არშეშვებას და კარვის გაშლის უფლების არმიცემას. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ დაუზიანა რაჭიდან ჩამოტანილი დიდი კარავი და მისი ნაწილები წაართვა. სამინისტროს ტერიტორიაზე შესვლის ის ალტერნატივა კი, რაც შესთავაზეს პროტესტის მონაწილეებს, ამ უკანასკნელთა შეფასებით, ვიწრო, ციცაბო, ტალახიანი შესაძრომია. როგორც მათდამი დამამცირებელ მოპყრობაზე, პროტესტის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვეს და ცენტრალური შესასვლელიდან გადაადგილების უფლება მოითხოვეს.
11 პირის დაკავების შემდეგ, როცა გამოირიცხა სამინისტროს ეზოში კარვის გაშლაც, შესასვლელთან ახლოს მცირე კარვის გაშლის უფლებაც შეხლა-შემოხლის ფონზე მოიპოვეს პროტესტის მონაწილე ქალებმა.